მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთიან ყარაბაღში ჰადრუთისთვის ბრძოლა გრძელდება

ჰადრუთისთვის ბრძოლა გრძელდება

მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს. უკვე რამდენიმე დღეა, აზერბაიჯანული არმია ქალაქ ჰადრუთის აღებას ცდილობს.

როგორც გამოცემა kavkaz-uzel.eu-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ქალაქის ნახევარი დანგრეულია. ორივე მხარე აქტიურად იყენებს მძიმე შეიარაღებას.

დაპირისპირებული მხარეები მოწინააღმდეგის ტექნიკის და ცოცხალი ძალის განადგურების შესახებ იუწყებიან. პარალელურად ბაქო და ერევანი ერთმანეთს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვებში ადანაშაულებენ.

იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანულმა არმიამ ჰადრუთი აიღო, მას გზა ეხსნება მთიანი ყარაბაღის ცენტრში, ქალაქებისკენ შუშა და სტეპანაკერტი. სწორედ ამით აიხსნება სისხლისმღვრელი ბრძოლები ჰადრუთისთვის, სადაც დამოუკიდებელი ექსპერტების ინფორმაციით, ყოველდღე ორივე მხრიდან ათობით სამხედრო იღუპება.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა.

10 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.