მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოფიციალური თბილისი: აფხაზეთის ე.წ. არჩევნები უკანონოა და რაიმე სამართლებრივ შედეგს ვერ წარმოშობს

ხუთკვრიანი დროშა

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2020 წლის 22 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.

უწყებაში აცხადებენ, რომ ე.წ. არჩევნები სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"აღნიშნული ე.წ. არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს მაშინ, როცა აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად გამოდევნილი ნახევარ მილიონამდე იძულებით გადაადგილებულ პირი და ლტოლვილი ვერ ახერხებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ხოლო ადგილზე ეფექტურ კონტროლს სრულად ახორციელებს რუსეთის საოკუპაციო ძალა. ე.წ. არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას.

საერთაშორისო თანამეგობრობა განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშირისოდ აღიარებულ საზღვრებში, არ აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს და არ შეეგუება საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების მცდელობას რუსეთის მხრიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად",- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება.

დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტისთვის 5 კანდიდატი - სერგეი ბაღაფში, ვიტალი ბგანბა, რაულ ხაჯიმბა, ზაურ არძინბა და ბესლან ბუთბა იბრძვიან.

აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის კანდიდატის საჩივარი 10 იანვარს დააკმაყოფილა და გააუქმა 8 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი მაშინ რაულ ხაჯიმბა გახდა.