მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი: აზერბაიჯანი თურქეთის გეგმის შესაბამისად მოქმედებს (ვიდეო)

ალიევი და ფაშინიანი

„აზერბაიჯანი თურქეთის გეგმის შესაბამისად მოქმედებს. აზერბაიჯანულ მხარეს ტერორისტული დაჯგუფებები მოქმედებენ. ისინი აზერბაიჯანში თურქეთმა ჩაიყვანა, რათა მთიან ყარაბაღში სომხების გენოციდი განახორციელოს,“ - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია უცვლელია, ყარაბაღის საკითხი ძალადობის გზით ვერ გადაიჭრება. სომხეთი კომპრომისისთვის ყოველთვის მზად იყო. აზერბაიჯანი კი არის მხარე, რომელსაც არანაირი კომპრომისი არ სურს.“ - აღნიშნა ფაშინიანმა.

„პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ თავიდანვე განვაცხადე, რომ საჭიროა ამ საკითხის გადაჭრა ისე, როგორც ეს აწყობს სომხეთს, ყარაბაღის მოსახლეობას და აზერბაიჯანს. აზერბაიჯანს კი სურს ყარაბაღში ეთნიკური წმენდა ჩაატაროს და ამ ტერიტორიაზე სრული კონტროლი დაამყაროს,“ - აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

მისივე მტკიცებით, სომხების წინააღმდეგ გენოციდის განხორციელებაში საერთაშორისო ტერორისტები არიან ჩართულები.

„გენოციდში საერთაშორისო ტერორტისტები მონაწილეობენ. ეს აღიარეს მეზობელმა ქვეყნებმა და ევროპულმა სახელმწიფოებმაც. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა და მხოლოდ ასე შეწყდება კონფლიქტი,“ - ამბობს ფაშინიანი.

წამყვანის შეკითხვაზე, თუ ვინ დაიწყო კონფლიქტი 27 სექტემბერს, ფაშინიანი პასუხობს, რომ სომხეთს და ყარაბაღს არ შეეძლო დაეწყო ეს კონფლიქტი, ვინაიდან სომხურ მხარეს არანაირი სამხედრო მიზანი აქ ჰქონდა.

„აზერბაიჯანმა დაიწყო ეს ომი, ისინი ემზადებოდნენ ომისთვის, მათ ყოველთვის სურდათ ამ საკითხის გადაჭრა სამხედრო გზით. რატომ შეიყვანა აზერბაიჯანმა ტერორისტები თავის ტერიტორიაზე? იმიტომ, რომ ომისთვის ემზადებოდა. ყარაბაღის არმიამ გახსნა საპასუხო ცეცხლი. ეს ერთადერთი გზა იყო, რომ შეჩერებულიყო აზერბაიჯანის შეტევა. აი ვინაა დამნაშავე 27 სექტემბერს ომის განახლებაში,“ - აცხადებს ფაშინიანი.

მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი რაკეტებს და არტილერიას ესვრის ქალაქებს, მათ შორის სტეპანაკერტს.

„ეს ხალხი ვერ დატოვებს მიწას, რომელზეც ათასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა. არ შეიძლება ამ საკითხის გადაჭრა სამხედრო გზით. ახლა მთავარია ცეცხლის შეწყვეტა. ამისთვის კი აზერბაიჯანმა უნდა შეწყვიტოს შეტევა“. - აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. შეიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.