მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა და ერდოღანმა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი განიხილეს

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო პერიოდში გამწვავებული ვითარება განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

ორი ქვეყნის ლიდერების საუბარი თურქული მხარის ინიციატივით შედგა.

„მხარეებს შორის სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის არეალში არსებული სიტუაციის გამწვავების კონტექსტში შედგა მოსაზრებების გაცვლა ამიერკავკასიაში არსებული ვითარების შესახებ. ვლადიმერ პუტინმა ესკალაციისთვის ხელშემწყობი ნებისმიერი მოქმედების თავიდან აცილების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და გამოთქვა მზადყოფნა, კოორდინაცია გაუწიოს რეგიონში ვითარების სტაბილიზაციის მცდელობებს“, - ნათქვამია კრემლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრეზიდენტებმა ასევე აღნიშნეს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკურ და დიპლომატიურ გადაწყვეტას ალტერნატივა არ აქვს და ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს.

აზერბაიჯანმა და სომხეთმა მიმდინარე წლის 12 ივლისს ერთმანეთი „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულების დარღვევაში და სასაზღვრო ტერიტორიაზე საარტილერიო ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

საზღვრისპირა რეგიონებში სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ბაქო ერევანს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმით 16 ივლისს დაემუქრა. აღნიშნული განცხადება პასუხი იყო სომხური მხარის განცხადებაზე, რომელიც თავის მხრივ, მინგეჩაურის წყალსაცავზე იერიშის მიტანით დაიმუქრა.

სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა კვლავ დაძაბული რჩება.

რუსეთში აზერბაიჯანის ელჩი ფოლად ბულბულ-ოღლი აცხადებს, რომ სოხმეთი ცდილობს, „კუხოს“ ქვეყნები აზერბაიჯანთან კონფლიქტში შეიყვანოს.