მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ განახლდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი და რა მიზნები ამოძრავებთ მხარეებს

აზერბაიჯან-სომხეთის ომი

სომხეთ-აზერბაიჯანის მიმდინარე კონფლიქტს თვალყურს მთელი მსოფლიო ადევნებს და შესაძლო შედეგებთან ერთად, დაწყების მიზეზების გამოკვლევასაც ცდილობს.

სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა

კონფლიქტი ყარაბაღიდან მოშორებით, ტავუშის რეგიონში დაიწყო. ვინაიდან ადგილზე არც საერთაშორისო დამკვირვებლები ყოფილან, არც ვიდეო ჩანაწერები საჯაროვდება და არც კოსმოსური დაზვერვიდან მიღებული ინფორმაცია, შეუძლებელია ზუსტად იმის დადგენა, თუ ვინ გაისროლა პირველმა. უფრო მეტიც, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელმა მხარემ სცადა საზღვრის გადაკვეთა პირველმა. ორ მტრულ სახელმწიფოს შორის საზღვარი დემილიტარიზებული არ არის. ეს უკანასკნელი პრებლემა საქართველოს წინაშეც დგას, რომელსაც სასაზღვრო ზოლი 4-დან მხოლოდ 1 მეზობელთან, თურქეთთან აქვს დაზუსტებული.

რატომ უნდა აწყობდეს ერთ ან მეორე სახელმწიფოს მცირე ომი, როცა იცის, რომ ცხედრებს მიიღებს და ტერიტორიას ვერა? მტრული სახელმწიფოს დაზარალება მხოლოდ მისი ტერიტორიის დასაკუთრებით არ ხდება, სამიზნე შესაძლოა, ეკონომიკა იყოს.

ინვესტიციებისა და მარკეტინგის მიმართულებით აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტ ელშად ნასიროვის შეფასებით, სომხეთმა აზერბაიჯანს აზერბაიჯანული გაზის ევროპაში დამატებითი პარტიის ტრანპორტირების დაწყებამდე 3 თვით ადრე დაარტყა და ეს შემთხვევითი არ არის.

შიდა კრიზისის საგარეო საფრთხეებით გადაფარვა ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. კიდევ ერთი მოსაზრების თანახმად, COVID 19-ის პანდემიის მასიური გავრცელების შედეგების გადასაფარად ფაშინიანს ყურადღების გადატანა საგარეო თემატიკაზე მოუხდა. 34 ათასი ინფიცირებულით სომხეთი 49-ე ადგილზეა, ხოლო მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით 1 მლნ-დან 11 473 ინფიცირებულით მე-10 ადგილზე. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით - 620, ასევე 49-ზე, ხოლო 1 მლნ-დან 209 დაღუპულით - 23-ზე. ამ მხრივ მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელო, მაგრამ სომხეთზე უკეთესადაა აზერბაიჯანსა და თურქეთში, რომლებთანაც სომხეთს მტრობა აკავშირებს. აღნიშნული ფაქტი სომხეთში გაღიზიანებას იწვევს და ხელისუფლების რეიტინგი იკლებს. სავარაუდოდ, იმავე ფაქტს უკვშირდება სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, რომ „საქართველო ინფიცირებულებს ვერ აღრიცხავს.“

აზერბაიჯანული მხარე თავის პოზიციას იმითაც ასაბუთებს, რომ საბრძოლო მოქმედებები პრემიერ ფაშინიანის ვაჟის ჯარიდან დაბრუნებიდან 3 დღის შემდეგ დაიწყო.

მეორეს მხრივ ნავთობზე ფასების ვარდნის შედეგად მძიმე მდგომარეობაშია აზერბაიჯანის ეკონომიკაც და მოსახელობის ყურადღების გადატანის მცდელობა არც ამ შემთხვევაშია გამორიცხული.

ბოლო მონაცემებით, შეტაკებებს 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაზარალებული უფრო მეტად აზერბაიჯანული მხარეა, სადაც მსხვერპლი 13-მდე გაიზარდა, სომხურ ცეცხლს რიგით სამხედროებთან ერთად აზერბაიჯანელი პოლკოვნიკი და გენერალიც ემსხვერპლნენ. გარდაიცვალა 1 სამოქალაქო პირიც. რამდენიმე ათეულს აღწევს დაჭრილთა რაოდენობაც.