მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შიშველი ხელებით Covid-19-ის პირისპირ – ეპიდემიური ვითარება ცხინვალსა და აფხაზეთში

საავადმყოფოს დერეფანი

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალი, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების მიღებაზე უარს აცხადებენ. დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ორივე რეგიონში, პოლიტიკური მიზნების გამო, მოქალაქეების ჯანმრთელელობასა და სიცოცხლეს კვლავ საფრთხეს უქმნიან.

ოკუპირებული აფხაზეთი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაქრაძე აცხადებს, რომ რეგიონის ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსთან ბრძოლისთვის მზად არ არის. მისი თქმით, სამწუხაროდ, ადგილზე მედპერონალისა და სამედიცინო აღჭურვილობის სერიოზული პრობლემა დგას.

"გვაქვს ინფორმაცია მხოლოდ 3 ინფიცირებულის შესახებ, რომელთაგან ერთი, 95 წლის ქალბატონი, გუშინ გარდაიცვალა, ხოლო არსებული ცნობებით, დანარჩენი 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის სისტემა რეგიონში სავალალო მდგომარეობაშია. მედპერსონალისა და სამედიცინო აღჭურვილობის თვალსაზრისით აფხაზეთში მძიმე ვითარებაა. არსებობს კვალიფიციური კადრისა და სცეციალური დაცვის ყველა საშუალების რეალური დეფიციტი",- აღნიშნავს ქეთევან ბაქრაძე.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილზე აგრესიული ტესტირების პროცესი არ მიმდინარეობს, სამინისტროს ლეგიტიმური ეჭვი აქვს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის 3-ზე მეტი შემთხვევა არსებობს.

ოკუპირებული ცხინვალი

ოფიციალური ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურებული არ არის, თუმცა სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით მდგომარეობა აქაც კრიტიკულია. საოკუპაციო ძალები მოქალაქეებს ახალგორის გამშვები პუნქტით სარგებლობის უფლებას და დანარჩენ რეგიონებში სამკურნალოდ გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ, რის გამოც ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისია შექმნილი. ვითარებას უკიდურესად საგანგაშოდ აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

„უკიდურესად საგანგაშო ხასიათი შეიძინა ვითარებამ ცხინვალის რეგიონში, ადამიანებს სჭირდებათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა და არ ეძლევათ ამის შესაძლებლობა იმის გამო, რომ რეგიონი არის იზოლირებული უკვე თვეების განმავლობაში“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2019 წლის 4 სექტემბრიდან დღემდე საოკუპაციო რეჟიმის ამგვარ მიდგომას 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

საერთაშორისო გამოხმაურება

საოკუპაციო ძალების აგრესიულ ქმედებების, კერძოდ კი სოფელი ტახტისძირის მიმდებარედ, გამყოფი ხაზის გასწვრივ ე.წ. სასაზღვრო ნიშნების აღმართვის შესახებ, შეშფოთებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებული შტატები. შესაბამისი განცხადება ეუთოში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენლმა ჯეიმს გილმორმა გააკეთა. მისი თქმით, ამერიკა შეშფოთოებულია პრორუსული ძალების მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აგრესიული ქმედებების განხორციელებით, განსაკუთრებით, სააღდგომო დღესასწაულის პერიოდში და პანდემიის ფონზე.

როგორც ის აღნიშნავს, მომხდარი კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

”ჩვენ ვგომბთ სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ამ და სხვა ყველა უკანონო ქმედებას, რომლებიც აძლიერებს დაძაბულობას და საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”, - ნათქვამია ჯეიმს გილმორის მიმართვაში.

თავის განცხადებაში ჯეიმს გილმერმა მოუწოდა საოკუპაციო ძალებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ნებისმიერი ნიშნის, ნაგებობების, ღობის ან ბარიერის მშენებლობა, რომელიც ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის ე.წ. საზღვრის განმტკიცებას ან გაფართოებას ემსახურება.

როგორც BBC-ის რუსული გამოცემა იუწყება, ცხინვალის რეგიონშიც ნომერ პირველ პრობლემად სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია რჩება. ასევე აღნიშნულია, რომ რეგიონში ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის მხოლოდ 26 აპარატი აქვთ. თუმცა, კორონავირუსით ინფიცირების ფატების დაფიქსირებისა და ვითარების გამწვავების შემთხვევაში ე.წ. ხელისუფლება დახმარებას რუსეთისგან და უკრაინის დონეცკის ოლქიდან ელოდება.

ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკა

"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ენგურის რომელ მხარეს არის ინფიცირებული ადამიანი. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენი საზრუნავები არიან", - ასეთია პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოზიცია.

მისი განცხადებით, ოკუპირებული რეგიონებიდან კორონავირუსის სიმპტომებით ათეულობით ადამიანია გადმოყვანილი. გალის რაიონიდან გადმოყვვანილი ერთ-ერთ ქალბატონი კი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

სწორედ ოკუპირებული რეგიონებიდან მოქალაქეების დასახმარებლად, უმოკლეს ვადებში სწრაფად განახლდა რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქციონირება, სადაც 35 ექიმი და 78 საწოლია მობილიზებული. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარეობს კლინიკის რესურსების გაუმჯობესება და საავადმყოფო მალე ჯამში 220 პაციენტის მომსახურეობას შეძლებს.

ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ხელისუფლებამ ქართულ საავადმყოფოებში ოკუპირებული აფხაზეთიდან 689, ხოლო ცხინვალიდან 174 პაციენტის მკურნალობა დააფინანსა.