მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სირიაში აფეთქებისას 3 რუსი სამხედრო დაიჭრა

 აფეთქება სირიაში

ჩრდილოეთ სირიაში, იდლიბის პროვინციაში აფეთქების შედეგად 3 რუსი ჯარისკაცი დაშავდა, დაზიანებები მიიღეს თურქმა სამხედროებმაც, ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით როიტერსი ავრცელებს.

რუსი და თურქი სამხედროები ერთობლივ პატრულირებას ახორციელებდნენ. თურქული მხარე ინფორმაციას არ ავრცელებს, რუსული მხარის თქმით გზისპირას არსებული ბომბის აფეთქებისას რამდენიმე თურქი ჯარსიკაცი დაიჭრა, თუმცა მსხვერპლი არც მათი მხრიდან ყოფილა.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო და მალევე ადგილი პლანეტის ყველაზე ცხელ წერტილად იქცა. 9 წლის მანძილზე სხვადასხვა დოზით შეიარაღებულ კონფლიქტში თურქეთი, ირანი, ერაყი, რუსეთი, ისრაელი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, აშშ და სხვა სახელმწიფოები ჩაერთვნენ. ომის დროს სირიაში აღმოცენდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და დაუნდობელი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო.“ ტერორისტული ორგანიზაცია, როგორც ერთიანი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი კოალიციური ავიაიერიშების შედეგად განადგურდა, თუმცა მათი გადარჩენილი წევრები პერიოდულად კვლავ ხორციელებენ ტერორისტულ აქტებს. ჯამში ომს უკვე შეეწრირა 600 000-ზე მეტი ადამიანი.

რუსეთი კონფლიქტში ოფიციალურად 2015 წლიდან ჩაერთო. სირიის დიქტატორმა ბაშარ ასადმა ძალაუფლების შენარჩუნება მეტწილად სწორედ რუსეთის დახმარებით შეძლო. 2018 წლის 29 მაისს სირია მეხუთე სახელმწიფო გახდა რუსეთის, ვენესუელის, ნიკარაგუასა და ნაურუს შემდეგ რომელმაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.