მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა

სასაზღვრო სროლა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობა გრძელდება. ბოლო მონაცემებით ორმხრივ ცეცხლს 14 ადამიანი, მათ შორის 1 მშვიდობიანი პირი ემსხვერპლა. 14 ივლისს, სომხეთმა 2 ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტი პირველად დაადასტურა. აზერბაიჯანს კი პოლკოვნიკისა და გენერლის გარდაცვალების ფაქტის აღიარება მოუწია.

ორ მტრულ სახელმწიფოს შორის ვითარება 12 ივლისს დაიძაბა. მხარეები ერთმანეთს შეთანხმების დარღვევასა და პირველ გასროლაში ადანაშაულებენ.

კონფლიქტში თურქეთმა უპირობოდ აზერბაიჯანს დაუჭირა მხარი. ევროკავშირმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა. შეშფოთება გამოხატა რუსეთმა. კონფლიქტის შესახებ თავისი პოზიცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც გამოხატა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში 1988 წელს დაიწყო. იმპერიის დაშლის შემდეგ კი კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. სომხეთმა რუსეთის ირიბი დახმარებით ყარაბაღის დაკავება მოახერხა. აზერბაიჯანი მას დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი 1994 წელს მოეწერა, თუმცა ამ დოკუმენტს მშვიდობა არ მოუტანია. 1994 წლიდან დღემდე რეგიონში სროლებს ორივე მხრიდან 3500 სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. იქამდე 1988-1994 წლებში შეიარაღებულ კონფლიქტს 38 000 ადამიანი შეეწირა.