მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლა გრძელდება

სომხეთის საზღვრისპირა სოფელი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის მხრიდან საზღვრისპირა რეგიონებში ახალი თავდასხმების შესახებ იუწყება.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, სომხეთმა გასული დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კიდევ 38-ჯერ დაარღვია. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გასროლები სნაიპერების მიერ განხორციელდა.

სროლა იყო თოვუზის, აგდამის, განჯისა და ტავუშის რეგიონების ცაკლეულ სოფლებში.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

აზერბაიჯანმა და სომხეთმა 12 ივლისს ერთმანეთი „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულების დარღვევაში და სასაზღვრო ტერიტორიაზე საარტილერიო ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

საზღვრისპირა რეგიონებში სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ბაქო ერევანს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმით 16 ივლისს დაემუქრა. აღნიშნული განცხადება პასუხი იყო სომხური მხარის განცხადებაზე, რომელიც თავის მხრივ, მინგეჩაურის წყალსაცავზე იერიშის მიტანით დაიმუქრა.

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკებებით გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს. თუმცა, მხარეებს შორის ამ საკითხზე კომუნიკაცია არ ყოფილა და საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებები კვლავ გრძელდება.

ორ საბჭოთა რესპუბლიკას შორის მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში შეიარაღებული კონფლიქტი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, 1988 წელს დაიწყო.