კონფლიქტები

სუს-ი: ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა საქართველოში შემცირდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა ღამით
16:22 16.04
დაკოპირებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთი საკითხია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2019 წლის განმავლობაში, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების გარკვეული თვალსაზრისით დასუსტების მიუხედავად, ტერორიზმი ისევ წარმოადგენდა მსოფლიო უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას.

"ტერორისტულმა ორგანიზაცია "დაეშმა" მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. "ალ-ქაიდამ" და მასთან აფილირებულმა ჯგუფებმა შეძლეს "დაეშის" რიგებში მებრძოლი ტერორისტების გარკვეული ნაწილის გადაბირება, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, სირიაში კრიტიკული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ.

გასული წლების მსგავსად, აქტიურად ხორციელდებოდა ტერორისტული თავდასხმები. ზემოაღნიშნული ჯგუფებისა და ორგანიზაციების ძირითად სამიზნეს წარმოადგენდა ახლო აღმოსავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები, ასევე ფიქსირდებოდა თავდასხმები აფრიკის კონტინენტსა და აზიაში. თავდასხმების პროცესში აქტიურად ხორციელდებოდა ე.წ. მარტოხელა მგლებისა და თვითრადიკალიზებული პირების/პირთა ჯგუფების გამოყენება", - აღნიშნულია ანგარიშში.

სუს-ის თქმით, გასული წლის განმავლობაში, მსოფლიოში მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფები. ამ მიმართულებით რადიკალიზებული პირები აანონსებდნენ და ახორციელებდნენ თავდასხმებს ეთნიკურ, რელიგიურ, რასობრივ და სხვა ნიადაგზე.

"აღნიშნული საფრთხეების საპასუხოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2019 წლის განმავლობაში აქტიურად ახდენდა საერთაშორისო ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირებას, ახალი გამოწვევების გამოვლენას და ინტენსიურად მოქმედებდა ტერორიზმის პრევენციისა და საფრთხესთან გამკლავების გზების გაუმჯობესების მიმართულებით.

კონკრეტული ღონისძიებების გარდა, ინტენსიურად ხორციელდებოდა ტერორისტულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება, ინფორმაციის გაცვლის მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა. მიმდინარეობდა მუშაობა მაღალი რისკის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების უსაფრთხოების ზომების შეფასების, სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების პასპორტიზაციისა და რისკების ანალიზის მიმართულებით. აქტიურად ხორციელდებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლების მომზადება/გადამზადება", - ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

როგორც სუს-ში ამბობენ, სახელმწიფოს მიერ ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები დადებითად არის შეფასებული ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში.

"დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს შესაძლებლობები და მზაობა, გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმთან დაკავშირებულ შემთხვევებზე. ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირებისა და გამოძიების წამყვანი უწყება, არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული.

საქართველოს მიერ ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში გაწეული ძალისხმევა და განხორციელებული აქტივობები ასევე პოზიტიურად არის შეფასებული ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობდა „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის აქტიურ მხარდაჭერას.

ამასთან, მნიშვნელოვანია „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი“, რომლის მიხედვით, საქართველო ტერორიზმის ზეგავლენის კუთხით ძალიან დაბალი რისკის მქონე ქვეყნებს შორისაა", - აღნიშნულია ანგარიშში.

სუს-ის ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციები და მათგან მომდინარე საფრთხეები

"დაეში"

2019 წელს "დაეშმა", როგორც ტერიტორიულმა წარმონაქმნმა არსებობა შეწყვიტა. დაკავებულ იქნა ტერორისტული ორგანიზაციის რამდენიმე ათასი მებრძოლი, ტერორისტების გარკვეულმა ნაწილმა კი გაქცევა მოახერხა. ტერიტორიული მარცხის პარალელურად, "დაეშმა" დანაკარგები განიცადა მეთაურთა და მებრძოლთა რიგებში.

2019 წლის ოქტომბერში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორგანიზაციის ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის წინააღმდეგ სირიაში ოპერაცია განახორციელა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა თვითლიკვიდაცია მოახდინა. ტერორისტული ორგანიზაციის ახალ ლიდერად ამირ მუჰამად საიდ აბდალ-რაჰმან-ალ-მავლა (აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურეიში) გამოცხადდა.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციამ მნიშვნელოვნად დააზიანა „დაეშის“ შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემცვლელი მალევე დასახელდა, ნაკლებად სავარაუდოა, საკუთარი ავტორიტეტით და გავლენით მან სრულყოფილად შეძლოს ალ-ბაღდადის ჩანაცვლება. ფაქტია, რომ გასული წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შემდეგ, სახეზე იყო ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერებისა და მებრძოლების გადინება „ალ-ქაიდას“ რიგებში.

მთლიანობაში, გასული წლის მანძილზე „დაეშის“ მხარდამჭერებს შორის შეინიშნებოდა არაკოორდინირებულობა და გარკვეული ნიჰილიზმი იმ იდეების მიმართ, რომლის დახმარებითაც ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებმა რამდენიმე წლის წინ უპრეცედენტო შესაძლებლობების ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბება შეძლეს.

კოალიციური ძალების წარმატებისა და ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განცდილი მარცხის მიუხედავად, „დაეში“ კვლავ რჩება გლობალურ გამოწვევად. ორგანიზაცია მხარდამჭერებს ახალ რეალობებზე მორგებულ ნარატივს სთავაზობს და მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტერაქტების განხორციელებისკენ მოუწოდებს.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ტერორისტულ ორგანიზაციას ათასობით მხარდამჭერი ჰყავს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან და შესაბამისი მითითების შემთხვევაში, ტერაქტების განხორციელება შეუძლიათ.

"ალ-ქაიდა"

2019 წლის განმავლობაში „ალ-ქაიდა“ აგრძელებდა აქტიურ მოქმედებას. ორგანიზაციის რეგიონალური დანაყოფების სამოქმედო არეალი, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონითა და აფრიკის კონტინენტით შემოიფარგლებოდა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთის ქვეყნები კვლავ წარმოადგენდა „ალ-ქაიდას“ მთავარ სამიზნეს. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა ტერორისტულ თავდასხმებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

"დაეშის", როგორც ტერიტორიული წარონაქმნის განადგურების შემდეგ, ტერორისტული ორგანიზაციის მებრძოლთა გარკვეულმა რაოდენობამ "ალ-ქაიდას" რიგები შეავსო.

"ალ-ქაიდასთან" დაკავშირებული დაჯგუფება "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი" მოქმედებდა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, სადაც ექსტრემისტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ ბაშარ ასადის ძალებისა და რუსეთის ავიაციის სამხედრო ოპერაცია აქტიურად მიმდინარეობდა. რუსეთისა და ასადის ძალების მიერ წარმოებულმა მასშტაბურმა სამხედრო ოპერაციამ ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერებისა და ოპოზიციური ძალების გაერთიანება განაპირობა, აღნიშნულმა მათი ბრძოლისუნარიანობა გაზარდა, შედეგად კი სირიაში ამ დრომდე გრძელდება სამხედრო დაპირისპირება.

გაერთიანების მიუხედავად, ბაშარ ასადი და მისი მოკავშირეები საკუთარ პოზიციებს აუმჯობესებენ. მიმდინარე მასშტაბური სამხედრო ოპერაციის გაგრძელების შემთხვევაში, ჩრდილო-დასავლეთ სირიაში "ალ-ქაიდა" და მისი მხარდამჭერი ჯგუფები, დიდი ალბათობით, დამარცხდებიან.

"დაეშისგან" განსხვავებით, "ალ-ქაიდას" მმართველობის სისტემაში ტერიტორიული კონტროლი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სირიაში განვითარებული პროცესების მიუხედავად, იგი, სავარაუდოდ, კვლავ შეინარჩუნებს შესაძლებლობებს და ცივილიზებული სამყაროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩება.

საქართველოსთვის "დაეშისა" და "ალ-ქაიდას" მხრიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეები და გამოწვევები:

სირიასა და ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, "დაეშისა" და "ალ-ქაიდას" რიგებში მონაწილე საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შესაძლო დაბრუნება;

ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერი უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის ან/და ქვეყნის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობა;

ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე პირთა გადაბირების მცდელობა;

საქართველოდან ტერორისტული ორგანიზაციებისთვის, ასევე საქართველოში ამავე ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერებისთვის ფინანსური ან სხვა სახის მხარდაჭერის აღმოჩენის მცდელობა;

აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერების მიერ საქართველოში ტერორისტული თავდასხმის განხორციელების მცდელობა.

"თალიბანი"

გასულ წელს პოზიციები გაიმყარა ტერორისტულმა ორგანიზაცია "თალიბანმა". დაჯგუფების მებრძოლები აქტიურად უპირისპირდებოდნენ როგორც ავღანეთის მოქმედ ხელისუფლებას, ისე რეგიონში წარმოდგენილ "დაეშის" დანაყოფებს. ორივე ფლანგზე მიმდინარე დაპირისპირება "თალიბანის" უპირატესობით წარიმართა. შეტაკებებისა და ტერორისტული თავდასხმების გამოყენებით ორგანიზაციამ შეძლო "დაეშის" ადგილობრივ დანაყოფზე უპირატესობის მოპოვება, ხოლო ავღანეთის ხელისუფლება მისთვის მისაღებ მოლაპარაკებების პროცესში ჩართო.

ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და "თალიბანს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლის მთავარ პირობას აშშ-ის მიერ ავღანეთიდან ძალების გაყვანა და "თალიბანის" მიერ ქვეყნის ტერიტორიის საერთაშორისო ტერორისტული მიზნებისთვის გამოყენებაზე უარის თქმა წარმოადგენს. "თალიბანის" მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული სამშვიდობო პროცესი გარკვეული შეფერხებებით მიმდინარეობდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და "თალიბანს" შორის მიღწეული შეთანხმების ჩაშლის საფრთხე. პროცესის ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია უშუალოდ "თალიბანში" არსებული, ერთმანეთისაგან განსხვავებული დინებები და აშშ-თან გაფორმებული შეთანხმების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება. მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში, სავარაუდოდ, აშშ-ის მიერ სამხედრო კონტინგენტის შემცირებით შექმნილი ვაკუუმით ტერორისტული ორგანიზაცია ისარგებლებს, რამაც ქვეყნის ხელისუფლებას, შესაძლოა, მნიშვნელოვანი სირთულეები შეუქმნას.

"თალიბანი" წლების განმავლობაში ავღანეთში მოქმედ ყველაზე ძლიერ ტერორისტულ ორგანიზაციას წარმოადგენს. 2014-2016 წლებში, როდესაც "დაეშმა" თითქმის ყველა საერთაშორისო და რეგიონალური ტერორისტული ორგანიზაცია შეავიწროვა ან/და დაიქვემდებარა, "თალიბანთან" დაპირისპირებაში წარმატებას ვერ მიაღწია.

საქართველოსთვის "თალიბანის" მხრიდან მომდინარე საფრთხეები, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს "თალიბანის" მიერ ავღანეთში, ნატო-ს "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" ფარგლებში დისლოცირებულ საქართველოს თავდაცვის ძალებზე ტერორისტული თავდასხმების განხორციელების შესაძლებლობას.

აღნიშნულის ნათელი მაგალითია 2019 წლის დეკემბერში, ბაგრამის ავიაბაზაზე „თალიბანის“ მიერ განხორციელებული თავდასხმა, რომელიც მსხვერპლის გარეშე დასრულდა, თუმცა მსუბუქად დაშავდა ადგილზე მყოფი 5 ქართველი სამხედრო.

სუს-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს წინაშე არსებული ტერორისტული საფრთხეები და გამოწვევები

სირიასა და ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში „დაეშისა“ და „ალ-ქაიდას“ რიგებში მონაწილე საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შესაძლო დაბრუნება:

"განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე მყოფი ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლო მხარდამჭერი ან/და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნება.

ამ მომენტისთვის სირიის ტერიტორიაზე იმყოფება საქართველოს 15-მდე მოქალაქე. არსებული ინფორმაციით, მათი დიდი ნაწილი განთავსებულია ქურთული ძალების მიერ კონტროლირებად ბანაკებში, ხოლო მცირე ნაწილი აგრძელებს სირიის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში სირიაში საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის ფაქტები არ დაფიქსირებულა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სირიაში შექმნილი უკონტროლო ვითარების, ასევე, ბაშარ ასადის ხელისუფლებასთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონის გათვალისწინებით, ადგილზე დაღუპული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოძიება მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული.

2019 წლის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხორციელდებოდა ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, ხოლო სხვა პირთა მიმართ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება.

მებრძოლთა მეუღლეებისა და ბავშვების საქართველოში დაბრუნების საკითხის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიდგომა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას და ყველა შემთხვევას განიხილავს ინდივიდუალურად. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, სამსახური მხარს უჭერს აღნიშნული პირების მიმართ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ჩართულობით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. მსგავსი მიდგომა დაფიქსირებულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნულ სტრატეგიაშიც", - აღნიშნულია ანგარიშში.

სუს-ის ანგარიშის მიხედვით, ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერი უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა ან/და ქვეყნის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობა

საქართველოსთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობა ან/და ქვეყნის ტერიტორიაზე ისეთ პირთა შემოსვლა, რომლებიც ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერები არიან.

პირთა დიდმა ნაწილმა, რომელიც ჩართული იყო სირიასა და ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, დატოვა აღნიშნული რეგიონი. ისინი სხვადასხვა ქვეყნის გამოყენებით ცდილობდნენ კონკრეტულ სახელმწიფოებში მოხვედრას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კოორდინირებით მაქსიმალურად კონტროლდებოდა აღნიშნული პირების მიერ ქვეყნის სატრანზიტო მიზნით შესაძლო გამოყენების არხები. 24/7 ფორმატში, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო და დროული კოორდინაციით, იზღუდებოდა აღნიშნული დერეფნების გამოყენების შესაძლებლობა. მეთვალყურეობას ექვემდებარებოდა მარშრუტები და არხები, რომლებიც, შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად შემოსვლისთვის ყოფილიყო გამოყენებული.

საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა ერთიანი საინფორმაციო ბაზების განახლება, რამაც ეფექტური გახადა ქვეყანაში შესვლისა და ქვეყნიდან გასვლის არხების მონიტორინგი. პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან ერთად, მუშავდებოდა ტერორიზმთან დაკავშირებული ან შესაძლო კავშირის მქონე პირთა სიები. აღნიშნულის შედეგად გასული წლის განმავლობაში იდენტიფიცირდა და შესაბამისი კონტროლი დაწესდა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე რამდენიმე ათას პირზე.

სუს-ის ანგარიშის მიხედვით, ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე პირთა გადაბირების მცდელობა

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ტერორისტული იდეოლოგიის გავრცელებისა და პირთა გადაბირების ძირითად საშუალებას ინტერნეტ-სივრცე წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აქტიურად მიმდინარეობდა ინტერნეტით გაკეთებული ისეთი განცხადებებისა და მასალების მონიტორინგი, რომლებიც, შესაძლოა, კავშირში ყოფილიყო ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ნარატივთან.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა. ამავე პერიოდში არ გამოვლენილა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, ხდებოდა იმ პირთა გამოვლენა, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყვნენ ტერორისტული იდეების გავრცელებასა და პირთა რადიკალიზაციასთან. აღნიშნული მოქალაქეების მიმართ ტარდებოდა შესაბამისი პრევენციული და სხვა სამართლებრივი ღონისძიებები.

საქართველოში გადაბირებისა და ტერორისტული იდეოლოგიის გავრცელების მიმართულებით არსებული სრული სურათის გაანალიზებისთვის, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სახელმწიფოს მიერ გასული წლების განმავლობაში მიღებული ზომები, მათ შორის გადამბირებლებისა და ტერორიზმის მხარდამჭერი პირების დაკავების ფაქტები. აღნიშნულმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დღეისათვის ამ მხრივ ქვეყანაში არსებული კონტროლირებადი გარემოს ჩამოყალიბებაში.

სუს-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან ტერორისტული ორგანიზაციებისთვის, ასევე საქართველოში ამავე ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერებისთვის ფინანსური ან სხვა სახის მხარდაჭერის აღმოჩენის მცდელობა

საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლისას, პრიორიტეტი ენიჭებოდა ტერორისტული აქტივობების შესაძლო დაფინანსების ან სხვაგვარი მხარდაჭერის მცდელობის იდენტიფიცირების მიზნით გატარებულ ღონისძიებებს. აღნიშნულის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობდა სახელმწიფო უწყებებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ეფექტური თანამშრომლობა.

საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ტერორიზმთან შესაძლო დაკავშირებული სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების მონიტორინგს და ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების გატარებას. ამასთან, მუდმივად მიმდინარეობდა ტერორიზმის დაფინანსების უახლესი მეთოდების და ტენდენციების კვლევა.

2019 წელს სახელმწიფომ, შესაბამისი უწყებების ჩართულობით, მიიღო „საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიში“ (NRA) და მისი სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტის მეოთხე თავში შეფასებული და გაანალიზებულია ქვეყანაში ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით არსებული რისკები. ანგარიშის მიხედვით, საქართველო განეკუთვნება იმ ქვეყანათა რიცხვს, სადაც ტერორიზმის დაფინანსების რისკი დაბალია.

ტერორიზმის შესაძლო დაფინანსების აღმოჩენის მიზნით, აქტიურად ხდებოდა როგორც ოპერატიული, ისე საგამოძიებო მექანიზმების გამოყენება. საანგარიშო პერიოდში კონკრეტული საფინანსო ოპერაციები არაერთხელ გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეტალური შესწავლის საგანი. ამ ეტაპზე ქვეყანაში, ან ქვეყნიდან ტერორიზმის ფინანსური მხარდაჭერის ფაქტები არ ფიქსირდება.

სუს-ის ანგარიშის მიხედვით, ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერების მიერ საქართველოში ტერორისტული თავდასხმის განხორციელების მცდელობა

გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოში მყოფი ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერი პირებისა და პირთა ჯგუფების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შესუსტდა. აღნიშნულ მოქალაქეებს და მათ ჯგუფებს არ ეძლეოდათ ორგანიზაციული ქსელის ჩამოყალიბების, აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა საქართველოში კრიტიკულად შემცირდა და ამ მხრივ ქვეყანაში მშვიდი, დაბალანსებული და კონტროლს დაქვემდებარებული გარემო შეიქმნა.

საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მუშაობდა საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საფრთხეების გამოვლენის მიმართულებით. ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმა არ განხორციელებულა.

სამსახური ახორციელებდა სხვადასხვა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის პოტენციური და შესაძლო მხარდამჭერების, ასევე, ტერორისტული ორგანიზაციების იდეების გამზიარებელი პირებისა და პირთა ჯგუფების ოპერატიულ კონტროლს.

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საქართველოში მყოფი ტერორისტული იდეოლოგიის შესაძლო მხარდამჭერი უცხო ქვეყნის მოქალაქეები. აღნიშნული პირები საქართველოში სხვადასხვა ოფიციალური მიზეზით, მათ შორის, განათლების მისაღებად ჩამოდიოდნენ, თუმცა მოგვიანებით მათი მხრიდან ფიქსირდებოდა სხვადასხვა სახის უკანონო აქტივობებში ჩართვის მცდელობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კანონის შესაბამისად გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად ქვეყანა დატოვა ზემოხსენებულ აქტივობებში შემჩნეულმა უცხო ქვეყნის რამდენიმე მოქალაქემ. აღნიშნულ პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მონაწილეობას იღებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დღეისათვის ტერორიზმის იდეების გამზიარებელი და შესაძლო მხარდამჭერი პირებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ხელსაყრელი არ არის. ისინი დაბრკოლებებს აწყდებიან საქმიანობის ყველა ეტაპზე, მათ შორის, პრევენციული ღონისძიებების გამოყენებით ხდება ისეთი აქტივობების შეკავება, რომელიც პოტენციურად, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ტერორისტულ საქმიანობასთან.

ფულის გადახურდავება

სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნებია...

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მ...
ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანში კოვიდვირუსი 3134 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო...
49 წუთის წინ
გორში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. შემთხვევა სტალინის გამზირზე მოხდა. როგორ...
19:04
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 4 ივნისიდან 10 ივნისამდე, მცხეთის მუნიციპალ...
18:37
2019 წელს კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ, მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით,...
18:36
ფშავი ომალოს გზაზე ოძრაობა მალე განახლდება თუშეთის გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი...
თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას...
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თიბისი სესხების სამთვიან გადავადე...
გარდაბანში სოფელ აღთაკლიაში საგზაო სამუშ...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ აღთაკლიაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ინტენ...
რომის პაპი: ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება ტრ...
რომის პაპმა ფრანცისკემ აფროამერიკელი მოქალაქის ჯორჯ ფლოდის გარდცვალებას ტრაგედია...