მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეა ახვლედიანი: ვალდებული ვართ ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებაზე ვიზრუნოთ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი მინისტრი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთთან მშვიდობის შენარჩუნებისა და ომით გაყოფილი საზოგადოების შესარიგებლად ძალისხმევას არ იშურებს.

„შეიარაღებულმა კონფლიქტმა მოუშუშებელი ტკივილი და უმძიმესი შედეგი დატოვა ორივე ხალხისთვის. ჩვენ დავკარგეთ გმირები, ათასობით თანამემამულე, როგორც მშვიდობიანი მოქალაქეების, ისე ჯარისკაცები. ასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ხოლო 300 000-მდე ადამიანი დევნილად იქცა. ვალდებულები ვართ შევინარჩუნოთ და დავიცვათ მშვიდობა, ვიზრუნოთ ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობაზე, გაყოფილი საზოგადოებების შერიგებასა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე. ამისთვის საქართველოს მთავრობა მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებს“, - აღნიშნა თეა ახვლედიანმა.

მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარესთან რუსლან აბაშიძესთან ერთად პატივი მიაგო.

დღეს, 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომის დაწყებიდან 28 წელი გავიდა. შეიარაღებული დაპირისპირება რეგიონში 13 თვე გაგრძელდა.

403-დღიან სამხედრო დაპირისპირებას ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი ემსხვერპლა, 300 ათასი ადამიანი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა.