მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

800-მდე კოვიდინფიცირებული ბინაზე მკურნალობს

ქალი ტემპერატურას იზომავს
1601280048
COVID-19

ბინაზე 800-მდე კოვიდადასტურებული მკურნალობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 800-დან 600-ზე მეტი პაციენტი აჭარაშია, რომლებსაც გამოჯანმრთელების პერიოდი უახლოვდებათ და უახლოეს პერიოდში ისინი ჩვეულ სოციალურ აქტივობას დაუბრუნდებიან. პაციენტების შედარებით ნაკლები რაოდენობა ბინაზე თბილისსა და იმერეთში მკურნალობს.

„ეს მოდელი ეტაპობრივად გაფართოვდება. ვგეგმავთ პროცესში ჩაერთონ სხვა ოჯახის ექიმები, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, იმისთვის, რომ მიმდინარე მეთვალყურეობა პაციენტმა მიიღოს მისივე ოჯახის ექიმისგან. უნივერსალური ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში ოჯახის ექიმებთან რეგისტრირებულია 2 500-მდე პაციენტი. ზოგადად მათ აქვთ კარგი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სამედიცინო საჭიროებები აქვთ მასთან მიმაგრებულ მოსახლეობას, ხომ არ აქვთ ქრონიკული დაავადებები, რაც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა იმისთვის, რომ კოვიდშემთხვევების მართვა მოხდეს სწორად“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გრძელდება პაციენტების მკურნალობა კოვიდსასტურმოებში. იქ რჩებიან მსუბუქი პაციენტები.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 3 000-მდე საწოლია მობილიზებული.

„ყველაზე მეტი დატვირთვა ამ ეტაპზე მოდის ბათუმზე. ბათუმში მიმდინარე პერიოდში დაახლოებით 80 საწოლი მუდმივად თავისუფალ მდგომარეობაშია შენარჩუნებული იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში გვქონდეს პაციენტების გადაყვანის შესაძლებლობა“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, დღეს კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 148 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირების 5552 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 2054 გამოჯანმრთელებულია, 31 გარდაცვლილი.