მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აკაკი ზოიძე: ძალიან ადვილია „ლოქდაუნის“ მოთხოვნა, როცა ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა შენ არ გეკისრება

ჯანდაცვის ექსპერტი
1606059694
COVID-19

ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ „ლოქდაუნის“ გამოცხადების მოთხოვნა სხვადასხვა ექსპერტების მიერ სწორი არ არის, რადგან ახლა მთავრობა და ქვეყანა უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დგას.

ისედაც დაზარალებული ეკონომიკის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ შეზღუდვების ოპტიმალური გეგმა უნდა დასახოს, რათა მოქალაქეთა სიცოცხლის პარალელურად, მათი სოციალური მდგომარეობა დაიცვას.

„ზოგიერთი ექსპერტი თავს უფლებას აძლევს კატეგორიულად განაცხადოს, რომ მკაცრი კარანტინი, იგივე „ლოქდაუნი“, ერთადერთი გამოსავალია, თუმცა მე ამას ვერ გავაკეთებ. მთავრობა ახლა დგას მნიშვნელოვანი ნაბიჯის წინაშე, რომ შეიმუშავოს ოპტიმალური გეგმა, რომელიც ეკონომიკას სრულად არ გაანადგურებს.

გარკვეული შეზღუდვები შესაძლებელია დაწესდეს ეკონომიკის არა ძირითადი მიმართულებებით, როგორიცაა ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების მხარე, თუმცა, ესეც უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული დროით, რათა ადამიანებმა იცოდნენ, რა იქნება უახლოეს პერიოდში.

ძალიან ადვილია „ლოქდაუნის“ მოთხოვნა იმ დროს, როცა ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა შენ არ გეკისრება. მკაცრი შეზღუდვები ბევრი ადამიანისთვის და მთლიანად ეკონომიკისთვის იქნება დამღუპველი. მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი გაკეთდეს ფრთხილად“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, ამ დრომდე ქვეყანაში შეზღუდვების გამკაცრებას პოლიტიკური პროცესები უშლიდა ხელს, რასაც ვერავინ შეაჩერებდა.

„მკაცრი ზომების მიღებას პოლიტიკური პროცესები უშლიდა ხელს. ასევე, გასათვალისწინებელია მობილობის ის მასშტაბი, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. ათასობით ადამიანი იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის აქციებზე იყო დიდი შეკრებები, რამაც, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე თავისი გავლენა იქონია. ახლა სწორედ იმის შედეგები გვაქვს, რაც მიმდინარეობდა საარჩევნო პერიოდში.

ამავდროულად, სამწუხაროდ, ადამიანებმა დაიჯერეს, რომ ჩვენთან რატომღაც, გაუგებარი მიზეზების გამო, ინფექციის კიდევ უფრო გავრცელების რისკი არ არსებობდა. მაგალითად აჭარაში ეპიდაფეთქების პირდაპირი მიზეზი ბათუმში ერთ დღეს გამართული 9 ქორწილი გახდა, რის შესახებაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმაც აღნიშნა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მსოფლიოს ვერცერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს ინფიცირებულთა ასეთ გაზრდილ მაჩვენებელს, ამიტომ ექსტრემალურ ვითარებაში სისტემის კრიტიკა მართებული არ არის.

„ჩვენ მოვასწარით და შევძელით, რომ გვაქვს პერსონალური დაცვის საშუალებების საჭირო რაოდენობა. ამასთანავე ყოველდღიურად გვაქვს რესურსი და ტესტირების ადეკვატური რაოდენობა ტარდება. გამოჩნდა ხარვეზებიც, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, ვერანაირი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს, თუ ინფიცირების არსებული მაჩვენებელი არ შემცირდება. სულ რომ უცებ 20 საავადმყოფო ავაშენოთ და გვქონდეს, არ იქნება საკმარისი, რადგან მთავარია, გავრცელების სიჩქარის შემცირება.

უფრო უკეთესად მომზადებულ სისტემას შესაძლოა, ერთი-ორი დღით მეტი გაეძლო, სხვა განსხვავება უბრალოდ არ არის. უნდა შემცირდეს გადაცემის რისკი, რისთვისაც ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიებისა და ბინაზე მკურნალობის მიმართულებები. ეს არის დღეს მთავარი და სხვა საკითხებზე ყურადღების გადატანა სწორად არ მიმაჩნია“, - განაცხადა ექსპერტმა.

მისი შეფასებით, საქართველოს კორონავირუსის ვაქცინის მიღების შემთხვევაში, შენახვისა და ტრანსპორტირების პრობლემა არ ექნება.

„ყველაფერს მოვახერხებთ. არავითარი პრობლემა ეგ არ არის. მაგალითად „მოდერნას“ ვაქცინას -20 გრადუსი სჭირდება და 1 თვე ინახება. ასევე, გასაგებია, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა -80 გრადუსზე 5 დღე ინახება, მაგრამ ეგეც არ არის პრობლემა. „ლუგარის“ ლაბორატორიაში არის ამის რესურსი. ლოჯისტიკურად რთული იქნება, მაგრამ ამას გავუმკლავდებით. მთავარია, ვაქცინა ჩვენამდე მოვიდეს.

უფრო შემაშფოთებელია ის, რაც ვაქცინაციაზე კვლევების მიხედვით, საზოგადოების განწყობების შესახებ გავიგეთ. შესაძლოა, ეს განწყობა ინფიცირების შემთხვევების მატების გამო შეიცვალა, თუმცა, გავიგეთ, რომ მოსახლეობის დაახლოებით, ნახევარი ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს, იმიტომ რომ დეზინფორმაციის სამიზნეები არიან და შეთქმულების თეორიის მიხედვით, ვიღაც თითქოს მათ დაჩიპვას ეცდება. ეფექტისთვის აუცილებელია, ვაქცინა მოსახლეობის 70%-მა გაიკეთოს, ამიტომ ეს პრობლემა გაცილებით მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, უსამართლოა ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ გამოთქმული კრიტიკა, რადგან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები 24 საათის განმავლობაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ემსახურებიან ადამიანებს.

„მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნით იმ ექიმებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ძალისხმევას არ იშურებენ. ეპიდემიის დასაწყისში მათ ტაშს ვუკრავდით და მადლობას ვუხდიდით, როცა 100 ინფიცირებული გვყავდა, დღეს კი ნამდვილად ეკუთვნით ყველას ტაშის დაკვრა. ისინი დღეებისა და თვეების განმავლობაში, შეუცვლელად მუშაობენ.

სწორედ ისინი არიან ყველაზე დიდი რისკის ქვეშ. ამიტომაცაა, რომ მათი ინფიცირების შემთხვევები არსებობს. ადამიანური მომენტია, 24-საათიანი მუშაობისას, რომელსაც გადაღლილობა მოჰყვება, შესაძლოა, უსაფრთხოება ბოლომდე ვერ იყოს დაცული. ასე ხდება მთელ მსოფლიოში და არა მარტო ჩვენთან“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.