მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აკაკი ზოიძე: თუ არ დავიცავით რეგულაციები, მუდმივად ვიქნებით მეცხრე, მეათე და მეოცე ტალღების მოლოდინში

ჯანდაცვის ექსპერტი
1617886599
COVID-19

„თუ არ დავიცავით რეგულაციები, მუდმივად ვიქნებით მოლოდინში, მესამე, მეცხრე, მეათე და მეოცე ტალღების“,- ასე აფასებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, აკაკი ზოიძე PIA.GE-სთან საუბრისას, ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას.

აკაკი ზოიძის განმარტებით, დღეს არსებული ვითარება ერთგვარი სიგნალია, პანდემიის გავრცელების მასშტაბების გაფართოებასთან დაკავშირებით. ახალი შტამის შემთხვევების დაფიქსირება კი მეტ საფრთხეს ქმნის. ექსპერტის თქმით, აუცილებელია გასული წლის გამოცდილების გათვალისწინება და დაწესებული რეგულაციების მკაცრად დაცვა.

„ეპიდსიტუაცია რომ საფრთხილოა, ყველა სპეციალისტი ამას ამბობს. ახალი შტამის გავრცელების შემთხვევები უკვე ჩვენთანაც არის, როცა შემთხვევები არის რამდენიმე ათეული, უფრო სწრაფად ხდება ხოლმე გავრცელება. ახალი შტამი უფრო ადვილად ვრცელდება. ეს ყველაფერი ძალიან საფრთხილოა. ჩვენ გვაქვს მწარე გაკვეთილი შარშან შემოდგომა-ზამთრის, როდესაც, დაახლოებით, იგივე სცენარით ვითარდებოდა სიტუაცია. შედეგად მივიღეთ 3 800 ჩვენი თანამოქალაქის გარდაცვალება და უზარმაზარი პრობლემები, რომლებიც ასევე მოჰყვა „ლოკდაუნებს“, რომელთა შემოღებაც მოგვიწია.

რეალურად, დღეს რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის მაქსიმალურად საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რომ მოქალაქეები დავარწმუნოთ, დაყვნენ იმ რეგულაციებს, როგორიცაა პირბადის სწორად ტარება, თავყრილობებისაგან თავის არიდება, ამის მკაცრად გაკონტროლება ხელისუფლების მიერ, როგორც კერძო, ისე საჯარო სივრცეში.“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

აკაკი ზოიძე ასევე ვაქცინაციაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის არსებული ტემპი „ზღვაში წვეთია“. ის ამ მხრივ საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ამის პარალელურად, უნდა გავააქტიუროთ ვაქცინაცია და მივიყვანოთ წარმატებულ დასასრულამდე - ეს არის ერთადერთი გზა, რომ სამუდამოდ დავასრულოთ პანდემია.

ზღვაში წვეთია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც უკვე აიცრნენ. იმისათვის, რომ ვაქცინაცია გახდეს მასობრივი, რომელიც ივლისში არის მოსალოდნელი, საჭიროა საინფორმაციო კამპანიის გააქტიურება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინები არის უსაფრთხო და ხარისხიანი. თუ რამე არის ამასთან დაკავშირებით წუხილი და კითხვები, ამ კითხვებს აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს ყოველდღიურად - ეს არის საკომუნიკაციო სტრატეგიის ძირითადი ამოცანა, რომელიც დღეს პრაქტიკულად, არ გვაქვს“,- აცხადებს ის.

აგრეთვე იხილეთ:

📌„ასტრაზენეკას“ გამოყენება მხოლოდ 55 წელს ზემოთ ასაკის პირებში მოხდება“ - თამარ გაბუნია

📌ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 486 ადამიანი აიცრა

📌გიორგი ღიბრაძე: იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება, აუცილებელია დავიცვათ არსებული რეგულაციები

📌434 თბილისი, 77 სამეგრელო - ზემო სვანეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში