მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხიდან სომხეთში წასულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლენჯერი, კორონა
1600461638
COVID-19

ახალციხიდან სომხეთში წასულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, ქალაქში კონტაქტების კვლევა დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, ახალციხეში ასამდე ადამიანს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.

მიზეზი ერთ-ერთი პირია, რომელიც დაახლოებით, ერთი კვირის წინ, ახალციხეში, დედის დაკრძლვაზე იმყოფებოდა. ის სომხეთიდან ჩამოვიდა, დღეს კი გაირკვა, რომ კორონავირუსითაა ინფიცირებული.

მამაკაცის დაინფიცირების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მან ახალციხე დატოვა და სომხეთში დაბრუნდა.
ახალციხეში კი მთელი დღეა ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

სპეციალისტები ცდილობენ დაადგინონ ყველა ის პირი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ მამაკაცთან. კონტაქტში მყოფი პირების ნაწილმა ბიოლოგიური მასალა კლინიკა „იმედში“ ვირუსზე გამოსაკვლევად დღეს ჩააბარა.

„გიდასტურებთ, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები ჩვენთანაც გაიტესტნენ. ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, საკმაოდ ბევრი პირი იყო. პასუხი ხვალ ან ზეგ იქნება“, - განაცხადა კლინიკურმა მენეჯერმა მზია კაკოშვილმა.

„იმედის“ პარალელურად, ანალიზისთვის ბიოლოგიური მასალა აიღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

„ჩემი მეზობელი მუშაობს ინფიცირებულის ობიექტზე, ტესტი აუღეს კორონავირუსზე, უთხრეს პასუხი ზეგ იქნებაო. ახლა ფიქრობს, რომ რამდენიმე დღე სახლში, თვითიზოლაციაში დარჩეს და სამსახურში არ წავიდეს“, - ამბობს საეჭვო კონტაქტის მეზობელი.

ამ დრომდე სამცხე-ჯავახეთი მწვანე ზონაა. დაკარგავს თუ არა სტატუსს, ეს კონტაქტების ბიოლოგიური მასალის კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.