მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ალერგიული რეაქციები არ აღენიშნებოდა“ - გამყრელიძე ახალციხეში კომაში ჩავარდნილ ვაქცინირებულ პაციენტზე

ncdc-ის დირექტორი
1616076079
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ახალციხეში კოვიდვაქცინაციის შემდეგ მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. 

„ბრიფინგის მიზანია, შეგატყობინოთ პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია/გართულება ვაქცინაციის პროცესისა.

მოგეხსენებათ, ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან. ვაქცინებზე, ზოგადად, არსებობს მსუბუქი და სერიოზული გვერდითი მოქმედებები.

ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელიც ვითარდება სწრაფად, გახლავთ ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ინექციიდან 15-20-30 წუთში, ძირითადად, თუმცა, შეიძლება გამოვლინდეს გვიანაც.

საშუალოდ, იმ ვაქცინებზე, რომლებსაც კაცობრიობა იყენებს ბავშვების ასაცრელად, ანაფილაქსიური რეაქცია მილიონზე ერთი ხდება.

ანაფილაქსიური რეაქცია შეიძლება წავიდეს მსუბუქადაც და მძიმედაც, შეიძლება დამთავრდეს ფატალურადაც. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება სწორედ ანაფილაქსიური შოკია. დღევანდელ პერიოდში, როცა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქინები შეიქმნა, განსხვავებით რუტინული ვაქცინებისგან, ყველა ვაქცინას აქვს გვერდითი მოქმედებები.

როდესაც იცრებიან ადამიანები, ამ ბარათზე, უკანა მხრიდან წერია, რა არის ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენა, ხშირი გვერდითი მოვლენა და შედარებით ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენა.

აცრის პროცესამდე არსებობს სპეციალური გამოკითხვის ბარათი, რომლითაც ექიმი სვამს, სწორედ იმ კითხვებს, რომლებმაც შესაძლოა გამოავლინოს მომატებული რისკი მწვავე ალერგიულ რეაქციაზე. ეს მიღებული წესია და ჩვენთან ეს ბარათი დამტკიცებულია შესაბამისი ნორმატიული აქტით.

ანაფილაქსიური გამოვლინებები შედარებით იშვიათია, ამიტომ ეს ყველაფერი აღინუსხება ქვეყანაში შესაბამისი სისტემით. ამ დაწესებულებას ჰქვია იმუნიზაციის შემდგომი რეაქციების კომიტეტი.

საქართველოში ჩატარებული 3365 აცრიდან სერიოზული და აღსანუსხი გვერდითი მოქმედება იყო მხოლოდ 4, მეტი არა, მათგან ანაფილაქსიური შოკი არ ყოფილა.

დღეს, ახალციხეში, იმედის კლინიკაში, რომელიც აწარმოებს აცრებს, (დაახლოებით 16 ადამიანი ჰყავს აცრილი) 12:15 წუთზე აიცრა ჩვენი კოლეგა, 27 წლის ქალბატონი, რომელიც როგორც ვიცი ანამნეზით გრიპის საწინააღმდეგო აცრას იტარებდა და არ აღინიშნებოდა ალერგიული რეაქციები.

ამ აცრის შემდეგ, ამ ქალბატონმა ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ არხს და მოუწოდა ხალხს აცრების გააქტიურებისკენ.

სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებლივი რეაქცია.

ჩვენ არ ვიცით ეს იყო ალერგიული, თუ სხვა ტიპის რეაქცია, თუმცა ექიმებთან წინასწარი საუბრით გვეუბნებიან, რომ ეს ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას.

ადამიანს ადგილზე დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, რაც ამ დროს პროტოკოლით არის გაწერილი, თუმცა არ მოიხსნა რეაქცია, ამიტომ, ის გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში და ახლა გადაყვანილია ხელოვნურ სუნთქვაზე.

ამჟამად, ადგილზე ჩასულია კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და ხორციელდება პაციენტის თბილისში ევაკუირება.

დაწყებულია პარალელელურად შემთხვევის მოკვლევა, პროცესში ჩართულა იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭო,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, ახალციხეში, ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „სამხრეთის კარიბჭემ“ გაავრცელა.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევის შემდეგ ექთნის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამსხვრიეს. არსებული ინფორმაციით, ექთნის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ექიმი, ინფექციონისტი მარინა ენდელაძის განმარტებით, ასტრაზენეკას ვაქცინა ალერგიული რეაქციით არ ხასიათდება.

ექიმი ამბობს, რომ შესაძლოა, პაციენტს ემოციური, კოლაპტოიდური მდგომარეობა ჰქონდა.