მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ასტრაზენეკას მიერ წარმოებული ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია - ევროკავშირის წამლის სააგენტო

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია Pia.ge
1616097149
COVID-19

ევროკავშირის წამლის სააგენტო აცხადებს, რომ ოქსფორდ-ასტრაზენეკას სარგებელი მის რისკებს აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ევროპის წამლების მარეგულირებელმა სააგენტომ კვლევის შედეგები 18 მარტს გამოაქვეყნა. კვლევა მას შემდეგ ჩატარდა, რაც ევროპის 13-მა ქვეყანამ ასტრაზენეკათი ვაქცინაცია დროებით შეაჩერა. მიზეზად კი ვაქცინირებულთა შორის თრომბის წარმოქმნის შემთხვევების შესწავლა დაასახელა.

ევროპის წამლების მარეგულირებელმა სააგენტომ შეისწავლა ყველა შემთხვევა და 18 მარტს გამართულ სხდომაზე გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის თანახმად არ არსებობს კავშირი ასტრაზენეკას ვაქცინასა და თრომბების წარმოქმნის რისკს შორის.

ქვეყნებს ვაქცინაციის გაგრძელებისკენ მოუწოდებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც. ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საკუთარ კვლევას ჯანმო 19 მარტს გამოაქვეყნებს.

ამასთან, 8 მარტის მონაცემებით, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა 17 მილიონი მოქალაქე. აქედან დაფიქსირდა ღრმა ვენების თრომბოზის 15 და ემბოლიის 22 შემთხვევა. ჯამში აღრიცხულია გართულების 37 ფაქტი.

კომპანია ასტრაზენეკა აღნიშნავს, რომ ეს არ არის უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე ჩვეულებრივ არავაქცინირებულ მოსახლეობაში გვხვდება. რაც შეეხება ვაქცინის ხარისხის მონიტორინგს, ასტრაზენეკას ნებისმიერ ქარხანაში წარმოებული ვაქცინა გადის თანაბრად მკაცრ, საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ კონტროლს, რაც გულისხმობს ხარისხის შემოწმების 60-მდე ეტაპს 20 დამოუკიდებელ ლაბორატორიაში.