მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრაზილიაში ჰოსპიტალური სექტორი კოლაფსის პირასაა

ბრაზილიის პრეზიდენტი
1589793367
COVID-19

ბრაზილიის ყველაზე დიდი ქალაქის, სან პაულოს მერი ბრუნო კოვასი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს, თუკი ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ მოიმატებს.

კოვასის თქმით, ქალაქის სახელმწიფო კლინიკების 90% უკვე დაკავებულია და 2 კვირის განმავლობაში მათი გათავისუფლება წარმოუდგენელია. მისივე აზრით, ადამიანები, რომლებიც არ დაემორჩილნენ შეზღუდვებს, მოქალაქეების სიცოცხლით „რუსულ რულეტკას“ თამაშობენ.

ამჟამად სან პაულო ქვეყნის ყველაზე ცხელი რეგიონია, სადაც უკვე 3000-მდე სიკვდილი დაფიქსირდა. შაბათს ინფიცირებულთა რიცხვით ბრაზილია ესპანეთსა და იტალიას დაეწია და საერთაშორისო სტატისტიკაში მეოთხე ქვეყანა გახდა ინფიცირების მაღალი მაჩვენებლით.

ჯანდაცვის სამინისტრომ უკანასკნელ 24 საათში 8000-მდე ახალი შემთხვევის შესახებ გამოაცხადა. ბრაზილიაში სულ 241 ათასი ინფიცირებული ადამიანია, ამ რიცხვებით ქვეყანა მხოლოდ აშშ-ს, რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს ჩამორჩება.

ბრაზილიელი ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ არამასობრივი ტესტირების გამო, ინფიცირებულთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით, შესაძლოა, გაცილებით მეტიც იყოს.

გასულ კვირას, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო გააკრიტიკეს კორონავირუსთან ბრძოლაში სრული უუნარობის გამო.

ბოლსონარო დღემდე წინააღმდეგია სოციალური დისტანცირებისა და სხვა შეზღუდვების, რადგან ეს, მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკას ვნებს. მან ორი თვის წინ ქალაქებისა და რეგიონების მერებსა და გუბერნატორებს მოუწოდა, რომ გაეუქმებინათ შეზღუდვები: „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვეულებრივი ცხოვრება. სამუშაო ადგილები უნდა შენარჩუნდეს. უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ ყოფას“, – განაცხადა მან.

მიუხედავად ინფიცირებულთა რიცხვის ზრდისა, ბოლსონარო აცხადებს, რომ ხალხს, მისი ჩათვლით, არ უნდა ეშინოდეს ვირუსის.

„მე ყოფილი ათლეტი ვარ და თუკი ვირუსით დავავადდები, დარწმუნებული ვარ, არ უნდა მეშინოდეს. დარწმუნებული ვარ, რომ დიდად ვერაფერს ვიგრძნობ, რადგან ეს ჩვეულებრივი გრიპია“, – განაცხადა მან.