მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ძალიან პერსპექტიულად გამოიყურება ჩინური ტრადიციული მეთოდით გააქტიურებული „სინოვაკის“ ვაქცინა“ - კულუმბეგოვი

ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი
1614975863
COVID-19

„უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერჯერობით, მას არ აქვს ჯანმო-ს აღიარება, მაგრამ რამდენიმე თვეში ექნება. ამიტომ, საქართველომ თადარიგი უნდა დაიჭიროს“, – ჩინური ვაქცინის თაობაზე აღნიშნული ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთში სამი პერსპექტიული ვაქცინა იქმნება – „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „კანსინოსი“.

„ესენი ყველა განსახილველი და სამუშაო თემებია. აქ არის პეკინის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, ცალკეა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი და ცალკეა ჩინეთის სამედიცინო აკადემიის ინსტიტუტი, რომელსაც ასევე ცილოვან ფუძეზე დაფუძნებული ვაქცინა აქვს. ჩინეთი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, სერიოზული ბაზარია, რადგან მათ დიდი ეპიდემიური აფეთქება არ აქვთ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

კულუმბეგოვმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ბიოტექნოლოგიურ მეცნიერებებში არ ჩამორჩება და ამიტომ, საქართველომ სწორი სტრატეგიული გეგმით უნდა იმუშაოს.

„თუ ჩვენ მიზნად მაინცდამაინც იმას დავისახავთ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა უნდა გვქონდეს და სხვას არ მივეკარებით, შეიძლება, ვაქცინაცია 2023 წლამდე ვერ დავამთავროთ, რაც ძალიან დიდი შეცდომა იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ხელისუფლებას გონიერება ეყოფა და წინასწარი მოლაპარაკებები გააქტიურდება, რაც საშუალებას მოგვცემს, ამ ვაქცინების აღიარებისა და დადასტურების შემდეგ ისინი ქვეყანაში სწრაფად იქნას შემოტანილი“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

კულუმბეგოვი თვლის, რომ პერსპექტიული ვაქცინაა, ასევე, „ნოვა ვაქსი“, რომელსაც ინდოეთის სერომის ინსტიტუტი ერთ მილიარდ დოზას დაამზადებს და მას აქვს შესაძლებლობა, ის კერძო მოლაპარაკებითაც გაყიდოს. „კოვაქსისადმი“ ვალდებულება 300 მილიონი აქვს და დანარჩენი შეიძლება, პირდაპირ გაყიდოს. ამიტომ, საქართველო უკვე თადარიგში უნდა იყოს.

„ქვეყნები ცდილობენ მსოფლიო ბაზარზე თავისუფალი ვაქცინების მოპოვებას და ამიტომ, ჩვენ თუ დღესვე არ ჩავერთეთ, წინასწარი გადასახადი არ გადავიხადეთ და მოლაპარაკება არ ვაწარმოეთ, მოვა ზაფხული და კიდევ „კოვაქსის“ ერთეული დოზების იმედად ვიქნებით. ამიტომ, მინდა, ამისთვის ხელისუფლებამ მაქსიმალური გააკეთოს, რომ წლის ბოლომდე ეროვნული გეგმა თუ 100%-ით არა, 90%-ით მაინც შევასრულოთ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ჩინური ვაქცინის საკითხზე (იანვარში) განცხადება ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა:

„ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას,“- ამის შესახებ იანვარში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნულს (იანვარში) გამოეხმაურა თენგიზ ცერცვაძეც:

„რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინას, მე აღვნიშნე და ვრჩები იმ აზრზე, რომ ის არ არის „ხელწამოსაკრავი“ და შესაძლოა იყოს არანაკლებ ეფექტიანი, რის სასარგებლოდაც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ ვაქცინით ხდება მოსახლეობის ვაქცინირება ჩინეთში და ეს ვაქცინა შეიძინეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბრაზილია და სხვ. მაგრამ ვიმეორებ, რომ მე არ გამიცია რეკომენდაცია ამ ვაქცინის შემოტანაზე, მითუმეტეს, რომ ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის“,- წერს სოციალურ ქსელში თენგიზ ცერცვაძე.

აგრეთვე დაინტერესდებით:

„არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული, რომ ჩინური ვაქცინით უნდა დაგვეწყო აცრები ქვეყანაში“ - იმნაძე

„არასერიოზულია ჩინური და რუსული ვაქცინის განხილვა მანამ, სანამ ის ავტორიზებული გახდება ნორმალურ ქვეყნებში“ - გეგეჭკორი