მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაიზრდება კლინიკების რაოდენობა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს უმკურნალებენ

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1585073741
COVID-19

"თუ ეპიდემია გავრცელდა, დადგენილია შემთხვევების გარკვეული ზღვრული მაჩვენებლები, როცა შერჩეულ საავადმყოფოებს მიეცემათ მითითება, რომ დაცალონ თავიანთი კლინიკები და მთლიანად გადაერთონ ცხელებით შესულ პაცენტებზე",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ PIA.GE-ს განუცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, ამ ეტაპზე, საწოლფონდი 800-მდე გაიზრდება, ხოლო დამატებითი საჭიროების შემთვევაში, კლინიკების რაოდენობა დაემატება.

თამარ გაბუნიას თქმით, კლინიკები გეოგრაფიული ადგილმდებარეობითაც განისაზღვრება.

"ჩვენ შევარჩიეთ კორონავირუსის მართვის კონცენტრირებული მოდელი, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოიყო საავადმყოფოები მხოლოდ ამ მიზნისთვის - კორონავირუსის მართვისთვის. დღეს თბილისში მზად არის საავადმყოფოები, სადაც საწოლების რაოდენობაა 500-მდე. ეს ოდენობა მალე გაიზრდება გეოგრაფიული ადგილმდებარების მიხედვით ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებიდან გამომდინარე და გვინდა, რომ საწოლების რაოდენობა 800-მდე შეივსოს.

მეორე ეტაპზე, თუ ეპიდემია გავრცელდა, დადგენილია შემთხვევების გარკვეული ზღვრული მაჩვენებლები, როცა შერჩეულ საავადმყოფოებს მიეცემათ მითითება, რომ დაცალონ თავიანთი კლინიკები და მთლიანად გადაერთონ ცხელებით შესულ პაციენტებზე. ესეც დღეს-ხვალ დამტკიცდება ნორმატიული დოკუმენტის სახით და გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში. ასე რომ, ყველას შეეძლება ნახოს, რომელი კლინიკები დგანან მოლოდინის რეჟიმში და როგორც კი დადგება საჭიროება, მთლიანად გადაეწყობიან",- განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში, ამ ეტაპზე, კორონავირუსით 70 პირია ინფიცირებული. მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. ქვეყანაში საკარანტინო სივრცეებში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში კი 252.

ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მძიმე საკარანტინო რეჟიმზეა გადასული.