მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: COVID-19 ჩვენი თანამგზავრი იქნება ძალიან დიდი ხანი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020
1588953341
COVID-19

"უკვე მკვიდრდება სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად. ეს იქნება ჩვენი ცხოვრების თანაგმზავრი საკმაო დროის განმავლობაში", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კოვიდი არ არის დაავადება, რომელიც ერთხელ აფექდა, ჩაწყნარდა და აღარ იქნება.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ზაფხულში კორონავირუსი "შეღავათს" მოგვცემს, თუმცა ჯანდაცვის სისტემა ამ პერიოდში შემოდგომისთვის და ზამთრისთვის უნდა მოემზადოს.

"ჩვენ მოგვიწევს ამ დაავადებასთან ერთად თანაცხოვრება, უნდა ვისწავლოთ, იქნება ამ დაავადების შემთხვევები, მაგრამ არ გვინდა იყოს დიდი ეპიდაფეთქებები, როდესაც მაგალითად ერთდროულად გექნება 100, 200 ან 2000, ამ ავადმყოფების მოვლა უკვე რთულდება და იქ გაქვს სიკვდილიანობის და გართულებების მაღალი მაჩვენებლები.

მეცნიერების დიდი უმრავლესობა ფიქრობს, რომ ზაფხულში ეს დაავადება სერიოზულ შეღავათს მოგვცემს, მაგრამ ეს ინფექცია, როგორც კი მინელდება, არ უნდა დავმშვიდდეთ. ყველა უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის და ზამთრისთვის. არ არის გამორიცხული, ინფექცია გვიან შემოდგომაზე და ზამთარში დაბრუნდეს, როგორც ბრუნდება ნებისმიერი რესპირაციული ინფექცია", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ "ტვ პირველის" ეთერში.

რაც შეეხება ვაქცინას, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის შემოდგომამდე შეიქმნება, თუმცა არა იმ რაოდენობის, რომ მთელ მსოფლიოს ეყოს.

"ამას დრო სჭირდება. იმედია, შემოდგომისთვის გამოჩნდება ასევე სპეციფიური წამლები. ძალიან ბევრი კვლევა მიდის", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.