მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: გარდაბნის მოსახლეობაში კვლევებზე ცუდი დამყოლობაა

პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020
1595411048
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით ცხელი წერტილია გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ე.წ. გაჩიანის დასაცლებაში, რომელიც 3 სოფელს მოიცავს - ყარაჯალარი, ახთაკლია და ყარათაკლია. აქედან 2 სოფელში ყარაჯალაში და ყარათაკლიაში შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობაა.

გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ სოფლებში გაფართოებული კვლევები მიმდინარეობს.

„იქ ტარდება სერიოზული ღონისძიებები. 7 გზა შედის ამ სოფლებში და ყველა შესასვლელ-გამოსასვლელში თერმოსკრინინგი ტარდება“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, მოსახლეობაში კვლევებზე ძალიან ცუდი დამყოლობაა.

„სამივე სოფელში ერთად 7000-მდე მოსახლე ცხოვრობს. გვინდოდა, რომ ამ კვირაში სრულიად გამოგვეკვლია. ჩვენი გათვლით, იქ მოსახლეობის 10%-მდე იქნება ინფიცირებული. გვინდოდა, მათი დროული იზოლაცია და სამკურნალოდ გადაყვანა მომხდარიყო, რაც ინფექციის გატანის რისკს რადიკალურად შეამცირებს. მოსახლეობის უმრავლესობა რუსთავის და თბილისის ბაზრობებზე მუშაობენ, შესაბამისად ინფექციის გატანის რისკი მაღალია. სამწუხაროდ მოსახლეობიდან შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმება“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, გუშინ გარდაბანში 6 ბრიგადა მუშაობდა, თუმცა მათ 350-ზე მეტის ნიმუშის აღება ვერ მოახერხეს, როცა მათი საშუალო სიმძლავრეა 700-დან 1000 ნიმუშამდე. გამოკვლეული 350 ნიმუშიდან 10-ს ინფექცია დაუდასტურდა.

„იქ ინფექცია სერიოზულად ტრიალებს და მოვუწოდებ მოსახლეობას, იყოს მეტი თანამშრომლობა სამედიცინო პერსონალთან, მეტი დამყოლობა. ჩვენ გვინდა დროულად ჩავაქროთ ცხელი წერტილი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 1 კვირაში კოვიდინფიცირების 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გაჩნდა ე.წ. გარდაბნის კლასტერი.