მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: მეზობელ ქვეყნებთან საზღვრის გახსნა რეკომენდირებული არ არის

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020
1596047140
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მეზობელ ქვეყნებთან საზღვრის გახსნა ამ ეტაპზე რეკომენდირებული არ არის.

მისი თქმით, საქართველო რეგიონში გარკვეულწილად ოაზისად გამოიყურება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვითარება ასეთივე დარჩეს.

„რუსეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან მიმართებაში, ისევე როგორც ცენტრალური აზიისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში არსებულ სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენ გარკვეულწილად ოაზისად გამოვიყურებით, ამიტომ ჯერჯერობით იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს პირდაპირი საზღვარი აქვს, გახსნის რეკომენდაცია არ არის“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო ორი თვის განმავლობაში იმპორტირებული შემთხვევების ძირითადი ნაწილი სატვირთო ავტომობილების მძღოლებში დადასტურდა, რომელთა შორის უმრავლესობა რუსეთიდან შემოვიდა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, საკარანტინო სივრცეების არსებობამ ვირუსის გავრცელების პრევენციაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა.

„კარანტინში ინფიცრების 250 შემთხვევაა იდენტიფიცირებული, რის შედეგადაც თავიდან ავიცილეთ ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელბა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, NCDC-ის მესამე ანგარიშის თანახმად, საქართველოში 26 თებერვლიდან 11 ივნისადმე დადასტურებული 980 შემთხვევიდან 272 (27.7%) იმპორტირებული იყო.

აღნიშული რაოდენობიდან, ყველაზე დიდი წილი 46.6% (127) რუსეთზე, 8.4% (23) თურქეთზე, 8% (22) და 7.7% (21), აზერბაიჯანსა და სომხეთზე მოდის.

ბოლო მონაცემებით, ქვეყენაში კოვიდინფიცირების 1 155 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან გამოჯანმრთებეულია 929, ხოლო გარდაცვლილია 17 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ცნობისთვის, კორონავირუსი 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. ინფექციამ 213 ქვეყანა მოიცვა. მსოფლიო მასშტაბით ინფიცირების შემთხვევები 17 მლნ-ს აჭარბებს.