მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმის საფუძველი, რომ ეპიდვითარების კუთხით საქართველო მაღალი საშიშროების დონის ქვეყნად გამოცხადდეს, არ არსებობს“ - ივანე ჩხაიძე

იაშვილის კლინიკის დირექტორი
1623338621
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან აშშ-ის CDC-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ საქართველოში ეპიდსიტუაციის კუთხით საგანგაშო ვითარება არ არის და იმუნიზაციის პროცესიც აქტიურ ფაზაშია.

მისივე თქმით, საქართველოში კოვიდ 19-ის ახალი შტამი არ არის, შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ რაიმე განსაკუთრებული საშიშროება არ არსებობს.

„ჩვენ არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული შტამი ქვეყანაში, ჩვენთან კოვიდინფიცირების განსაკუთრებული მატება არ გვაქვს. მესამე ტალღაც ჩამთავრების სტადიაშია. ასე, რომ საფუძველი იმის, რომ საქართველო გამოცხადდეს რაღაც ისეთივე საშიშროების დონის ქვეყნად, როგორიც თუნდაც ინდოეთია, რეალური საფუძველი არ არსებობს.

ჩვენთან საშიშროება იქნებოდა, რომ ყოფილიყო რომელიმე ახალი შტამი, რომელიც რისკის შემცველი იქნებოდა. ჩვენს ქვეყანაში ეს არ არის. ან რომ ყოფილიყო შემთხვევების მატება, პირიქით ჩვენ საზღვრები გავხსენით, ვაქცინაციის კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოში დღევანდელ ეპიდსიტუაციას ვერანაირად ვერ განვიხილავ, თუნდაც რეგიონში როგორც განსაკუთრებულს“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ამასთან, ივანე ჩხაიძემ განმარტა თუ რატომ ჰყავს აშშ-ის CDC-ის საქართველო შეყვანილი მაღალი რისკის ჯგუფის ქვეყნებში.

ჩხაიძე ამბობს, რომ CDC-ის ეს მონაცემი სავარაუდოდ, 1 კვირაში შეიცვლება.

„CDC-ის ისეთი გრადაცია აქვს, რომ რამდენი არის ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 28 დღის განმავლობაში. ბოლო 28 დღის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება როგორც მე-4 დონე, შემდეგ მე-3 დონე და ასე შემდეგ.

იმის მიხედვით, რომ ჩვენთან ბოლო 28 დღის განმავლობაში, ისინი ჯამურ შემთხვევებს ითვლიან და ჯამური შემთხვევების მიხედვით ვხვდებით იმ კატეგორიაში, რომელსაც CDC აფასებს 100 000 მოსახლეზე, როგორც მე-4 კატეგორიის მაჩვენებელი.

ჩვენი მეზობელი ქვეყნები ყველა არის მე-3 კატეგორია, ოღონდ იქაც იგივე წერია, რომ „თავი შეიკავეთ მოგზაურობისდაგან“. ჩვენთან არის გამომდინარე 28 დღის რაოდენობიდან, ეს არის მათი შეფასება. აქ საუბარია რაოდენობაზე. თუ ჩვენ ბოლო 28 დღეს შევხედავთ, ბოლო თვის განმავლობაში მართლაც ასე იყო, ინფიცირებულთა რაოდენობა 500-ზე მეტი იყო, რაც საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, CDC-ის კატეგორიების მიხედვით ჩავჯექით სწორედ მე-4 კატეგორიის ქვეყნის დონეზე.

ამიტომ, შემდეგ დღეებში ეს ალბათ, შეიცვლება. დიდი ალბათობით 1 კვირის შემდეგ CDC გადაგვიყვანს მე-3 კატეგორიაზე. ჯერჯერობით მე-4 კატეგორიის ქვეყნებში ვართ,“ - განმარტა ივანე ჩხაიძემ.

ინფორმაციისთვის, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კრიტერიუმების თანახმად, covid 19-ის მაღალი ან ძალიან მაღალი რისკის ჩამონათვალში, საქართველოს გარდა მოხვდნენ ევროპის რეგიონის ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი, ავსტრია, ბელგია, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ეგვიპტე, ნიდერლანდები, სლოვენია და სხვა.