მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფექციონისტი: ბინაზე მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების დატოვება მოგვიწევს

ინფექციურის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი
1600683915
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ კოვიდინფიცირებულების დიდი ოდენობით ზრდა იქნება, მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების ბინაზე დატოვება მოუწევთ.

ინფექციონისტის განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან შესაბამისი ტრენინგები ტარდება იმისთვის, რომ მართონ სიტუაცია და შეაფასონ კოვიდინფექციის სიმძიმე.

მარინა ენდელაძის თქმით, მოცემული ციფრები რაც კოვიდინფიცირების ზრდას უკავშირდება საგანგაშო არ არის, თუმცა ყურადსაღები და მოსაფრთხილებელია.

ინფექციონისტი კიდევ ერთხელ მიმართავს მოსახლეობას და ურჩევს ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცირება.

„საგანგაშო ალბათ არ არის, მაგრამ ძალიან საყურადღებოა და სერიოზული სიფრთხილის გამოჩენა გვიწევს. ჩვენ ველოდებოდით მატებას, ცოტა უფრო ადრე დაიწყო და ეს გარკვეულწილად აჭარას დაუკავშირდა. ვფიქრობ, პროცესის შეკავება მოხერხდება, რადგან სერიოზულად მუშაობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. შემდგომი ზრდა იქნება, მაგრამ მთავარია ორ ასეულს არ ავცდეთ“, - განაცხადა ენდელაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ინფიცირების ზრდის მაჩვენებელი 2 ასეულს გასცდება, ენდელაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების ბინაზე დატოვება მოუწევთ.

„მართვა უნდა შევძლოთ, უნდა ჩაერთოს პირველადი ჯანდაცვის რგოლი, შესაბამისად მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების ბინაზე დატოვების საკითხი დადგება. ვფიქრობ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მოერევა. მთელ მსოფლიოში ასე ხდება და ვერ ავცდით მატებას, მაგრამ ვიმეორებ საგანგაშო არ არის, მაგრამ საყურადღებო ვითარებაა. ძალიან დიდი რაოდენობით მედპერსონალი ჩაერთო ამ საქმეში, მუდმივად არის მათზე მონიტორინგი ჩვენი კლინიკიდანაც.

მათი მართვისთვისაც მედპერსონალი ემზადება. ვატარებთ ტრენინგებს პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან, როგორ უნდა მართონ, როგორ უნდა შეაფასონ კოვიდინფექციის სიმძიმე და ა.შ. ვფიქრობ გავუმკლავდებით“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, დღეს, 21 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი. ქვეყანაში ვირუსს დღეს მე-20 პაციენტი ემსხვერპლა.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.