მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივანე ჩხაიძე: არ ველოდებით ჯანმოს, ნებისმიერ შემთხვევაში, ვაქცინაცია უნდა დავიწყოთ

იაშვილის კლინიკის დირექტორი
1619688332
COVID-19

„ჩინური ვაქცინის შეძენის დროსაც ვიცოდით, რომ ამ ვაქცინის გამოყენება საქართველოში იყო შესაძლებელი, ჯანმოს ავტორიზაციის სტატუსის მიუხედავად“,- ეს განცხადება იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ ბრიფინგზე გააკეთა.

ივანე ჩხაიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, „სინოფარმისთვის“ ავტორიზაციის მინიჭება გადაიდება, საქართველოში ჩინური ვაქცინით აცრა მაინც დაიწყება.

იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა განმარტა ის მიზეზებიც, რომელთა საფუძველზეც „სინოფარმით“ ვაქცინაციას უსაფრთხოდ მიიჩნევს.

„ჩინური ვაქცინის შეძენის დროსაც ვიცოდით, რომ ამ ვაქცინის გამოყენება საქართველოში იყო შესაძლებელი, ჯანმოს ავტორიზაციის სტატუსის მიუხედავად, რადგან დღევანდელი რეგულაციის შესაბამისად, ვაქცინას აქვს მკაცრი მარეგულირებლის დასკვნა, ევროკავშირის წევრის, რაც საკმარისია ამ ვაქცინის გამოყენებისათვის.

მეორე, ეს ვაქცინა დღეისათვის გამოიყენება მსოფლიოს 45 ქვეყანაში. მესამე, ეს ვაქცინა, მომზადების კლასიკური ტექნოლოგიით, იწვევს ნაკლებ გვერდით მოვლენებს, რაც დასტურდება კიდევაც კვლევით - 519 ადამიანიდან არც ერთს გამოუვლინდა სერიოზული გვერდითი რეაქცია.

ჯანმო განიხილავს ყველა ვაქცინას, რომლის ეფექტურობა 70%-ზე მეტია, ამ ვაქცინის ეფექტურობა ორ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 79,6 %-ია.

არანაირად არ ველოდებით ჯანმოს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ჯანმო მისცემს ავტორიზაციას. ჯანმოს საბოლოო განხილვის წინ, ვაქცინა გადის რამდენიმე ეტაპს. ერთ-ერთი მთავარი ეტაპი არის ჯანმოს სტრატეგიულ მრჩეველთა დასკვნა, ეს არის ორგანო, რომლის დასკვნის საფუძველზე იღებს ჯანმო გადაწყვეტილებას.

ამ ორგანოს გაცემული აქვს დადებითი დასკვნა „სინოფარმზე“ მარტის ბოლოს. დიდი ალბათობით, ეს ვაქცინა მიიღებს ჯანმოს ავტორიზაციას, რომ გადაიდოს ეს პროცესი, ნებისმიერ შემთხვევაში, ვაქცინაცია უნდა დავიწყოთ. არ ვარ დარწმუნებული, რომ 13 000 ადამიანი, რომელიც დარეგისტრირდა, ელოდებოდეს ჯანმოს ავტორიზაციას“,- განაცხადა ჩხაიძემ.

ინფორმაციისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება.

18 წლის ზემოთ მოქალაქეების „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია კი 27 აპრილს, 20:00 საათიდან დაიწყო.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 767 ადამიანი აიცრა.

აგრეთვე იხილეთ:

📌პაატა იმნაძე: ანაფილაქსიური რეაქციის რისკი, ყველაზე ნაკლებად „სინოფარმს“ აქვს