მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივანე ჩხაიძე: „სინოვაკი“ კომფორტული ვაქცინაა

ივანე ჩხაიძე
1620669699
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, კარგი პროცესია, როცა საქართველოში შემოსული სამი ვაქცინა არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული.

„კარგი პროცესია, როცა საქართველოში შემოსული სამი ვაქცინა არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კვირაში ჯანმო ავტორიზაციას მისცემს კიდევ ერთ ჩინურ ვაქცინას. ეს არის „სინოვაკი“, რომლის 100 000 დოზა უკვე არის ქვეყანაში.

ამ პერსპექტივების გათვალისწინებით, დღევანდელი მონაცემებით, უკვე 62 000 ადამიანია ქვეყანაში აცრილი და მათგან 10 000-ზე მეტი სრულფასოვნად, ორივე დოზით.

რა თქმა უნდა, ეს შორს არის იმ მიზნისგან, რაც ჩვენ გვქონდა განსაზღვრული, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ჯერჯერობით წინ გვაქვს ვაქცინაციის მასობრივი კამპანია, როცა ქვეყანაში შემოტანილი იქნება ვაქცინების გაცილებით დიდი რაოდენობა. „სინოვაკი“ ძალიან კომფორტული ვაქცინაა, ვინაიდან აქაც ალბათ ასაკობრივ ჯგუფზე საუბარი არ იქნება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 322 468-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.48%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 439 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 302 428-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 305 პირი ემსხვერპლა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.