მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობამ სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა ჩამონათვალი განსაზღვრა

კორონოტესტირება
1592385567
COVID-19

მთავრობამ სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ჩამონათვალი განსაზღვრა.

მთავრობის განკარგულებით, კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირებს განეკუთვნებიან:

შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცული შემთხვევები;

დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები;

ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით, ან ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირატორული დაავადების ნიშნები, ან ექიმის გადაწყვეტილებით მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებში მოხვედრილი ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირატორული დაავადების ნიშნები, ან ექიმის გადაწყვეტილებით მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები;

სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი, ასევე პირველადი ჯანდაცვის (მათ შორის, სოფლის ექიმი და ექთანი) სამედიცინო პერსონალი;

სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისა და კატასტროფის ბრიგადების თანამშრომლები;

ხანდაზმულთა და შშმ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებებში:

მოთავსებული ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი;

ჩასარიცხი ბენეფიციარები, დაწესებულებაში მოთავსებამდე;

ტუბერკულოზზე ახლად დიაგნოსტირებული ყველა პირი, შესაბამის მკურნალობაში ჩართვამდე;

ფსიქიატრიულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი;

იმ სამედიცინო დაწესებულებების მომსახურე პერსონალი, რომლებშიც მკურნალობენ ტუბერკულოზზე დიაგნოსტირებულ პაციენტებს;

დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომსახურე პერსონალი;

საკარანტინე სივრცეებში, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი პირები საკარანტინე სივრცის დატოვებამდე ან/და თვითიზოლაციის ვადის გასვლამდე 24 საათით ადრე ან შემთხვევის სტანდარტული განმარტების შესაბამისი რომელიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე;

საკარანტინე სივრცეებში მომუშავე პერსონალი;

საბაჟო-გამშვებ და სასაზღვრო პუნქტებში, აგრეთვე გაფორმების ეკონომიკურ ზონებში დასაქმებული პირები, მათ შორის, სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური სამსახურების წარმომადგენლები;

ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების მიმღების, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებებში დასაქმებული პერსონალი და ეპიდემიოლოგები;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ეროვნული ცენტრი) და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ კონტაქტების კვლევას და/ან ტესტირებას;

ახალი კორონავირუსის (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (შემდგომში – პჯრ)) ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში ჩართული პერსონალი;

საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები (გარდა ტრანზიტისა);

სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გასაწვევი და აქტიურ რეზერვში მისაღები პირები, ასევე სამშვიდობო მისიაში ან გადასროლისწინა სწავლებაში მონაწილე პერსონალი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სწავლებაში წარსაგზავნი პირები (იმ ქვეყნებში, სადაც ტესტირების ჩატარება სავალდებულოა);

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ის მოსამსახურეები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროების შესაბამისი დანაყოფები;

სურსათის ეროვნული სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებსაც შეხება აქვთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებსა და ექსპედიტორებთან;

საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაქმებულები (საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები).