მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერის თქმით, ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვისთვის მნიშვნელოვანია მსუბუქი პაციენტების სასტუმროებში გადანაწილება

პრემიერ-მინისტრი Covid-19-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა
1606744638
COVID-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ Covid-19-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე, ჰოსპიტალური სექტორის რესურსის დაზოგვის მიზნით, სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე ისაუბრა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გახარიამ აღნიშნა, რომ ვინაიდან ინფიცირების რაოდენობა მზარდია, აუცილებელია ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვა, რათა მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის თავისუფალ ადგილებთან დაკავშირებით შეფერხებები არ შეიქმნას.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის მიზნით მნიშვნელოვანია საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტების სასტუმროებში გადანაწილება და ამ ნაწილში, ყურადღება გამახვილდა უსიმპტომო და მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების ბინაზე მკურნალობის მნიშვნელობაზეც, ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვების 2-თვიანი გეგმიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით მობილობა საგრძნობლად შემცირდება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვას და მომდევნო პერიოდში სიტუაციის დასტაბილურებას.

კერძო კლინიკების ხელმძღვანელებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია არსებულ საწოლფონდთან, წინა შეხვედრის შემდეგ მოძიებულ დამატებით რესურსებთან და იმ რეზერვებთან დაკავშირებით, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მობილიზდეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვლიდან დღემდე, 30 ნოემბრის ჩათვლით კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 135 ათასს გადააჭარბა.