მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენიმე საათში ამსტერდამიდან საქართველოში 179 მოქალაქე დაბრუნდება

თვითმფრინავი ცაში
1585668850
COVID-19

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეს, 31 მარტს, ავიაკომპანია "საქართველოს ავიახაზების“ მიერ განხორციელებული რეისით სამშობლოში კიდევ 179 მოქალაქე დაბრუნდება, ამის შესახებ მინისტრმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, თვითმფრინავის ბორტზე მგზავრთა შორის არის ფეხმძიმე ქალბატონი, რომელიც 23 მარტის შემდგომ საქართველოს საელჩომ უზრუნველყო საცხოვრებლითა და პირველადი საჭიროების ნივთებით. ასევე, 4 განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქე და 40-მდე ტრანზიტული მგზავრი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საელჩოს დახმარებითა და კონსულტაციით, ამსტერდამის გავლით ბრუნდებიან სამშობლოში.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად.

"ჩვენი დიპლომატები, ევროპის სხვადასხვა ქალაქში, ყოველდღიურ, 24 საათიან რეჟიმში არიან კონტატზე ჩვენს მოქალაქეებთან, არა მხოლოდ უზრუნველყოფენ მათ ორგანიზებულად დაბრუნებას სამშობლოში შესაბამისი რეისებით, არამედ ძალიან ბევრ შემთხვევაში, როდესაც მათ უჭირთ გადაადგილება ევროპის მასშტაბით, ახდენენ მათ ორგანიზებულ ჩამოყვანას. ხდება უზრუნველყოფა ავტომობილებით და ხშირად, ეს პროცესი გართულებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ბევრ სახელმწიფოს შორის შიდა გადაადგილებაც კი შეზღუდულია. მართლაც, ჩვენი დიპლომატები და საკონსულო სამსახურის თანამშრომლები ძალიან სერიოზულ საქმიანობას ახორციელებენ იმ თვალსაზრისით, რომ დროულად მოხდეს ჩვენი მოქალაქეების მიყვანა შესაბამის აეროპორტებში და შემდგომ, მათი გამომგზავრება,“- განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორიდნაციო საბჭოს მითითებით, საზღვარაგრეთ დიპლომატიური მისიები მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად. 

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, მსოფლიო მასშტაბით COVID-19 გავრცელების ფონზე უკვე მოხდა საქართველოს 4000-ზე მეტი მოქალაქის ორგანიზებული დაბრუნება სამშობლოში.

ცნობისთვის ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 110 ადამიანია, ხოლო 21 პაციენტი უკვე გამონაჯმრთელდა.