მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რიჟვაძე: შემცირებული ციფრები სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს

აჭარის მთავრობის მეთაური ბრიფინგზე
1600676697
COVID-19

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში ეპიდვითარება მართვადია და გამკაცრებულ კონტროლთან ერთად ვირუსი ეფექტური იმართება.

როგორც რიჟვაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, 500-მდე პაციენტის მართვა ხდება ჰოსპიტლებსა და ე.წ. კოვიდსასტუმროებში.

„ბათუმში გასული დღეების განმავლობაში გვქონდა ძალიან მზარდი დინამიკა, დღეს ეს ციფრები ცოტათი შემცირებულია, მაგრამ ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს.

დაახლოებით ვმართავთ 500-მდე პაციენტს, რომლებიც იმყოფებიან ჰოსპიტალებში და ამავე დროს, ახალი პროტოკოლით დაახლოებით 500 ადამიანი მართვა ხდება ე.წ. კოვიდსასტუმროებში.

ჩვენი მედიკოსები მუშაობენ ეფექტურად და შესაბამისად, არ გვაქვს რაიმე მძიმე შემთხვევები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს პნევმონიების რაოდენობა და ეს ყურადსაღებია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული შემცირების საფუძველზე არ გვქონდეს რაიმე მოდუნების საფუძველი, ვინაიდან მნიშვნელოვანია ყველა იმ წესის დაცვა, რომელიც გვაქვს. სიტუაცია არის მართვადი. ხდება კონტაქტების მიდევნება, მნიშვნელოვანია გამკაცრებულ კონტროლთან ერთად ვირუსი ვმართოთ ეფექტურად“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ამასთან, რიჟვაძე ამბობს, რომ რეგიონში ერთეული ხარვეზები იყო.

„მზარდი დინამიკის ფონზე რა თქმა უნდა მზარდი მობილობის კუთხით იყო გარკვეული, ერთეული ხარვეზები, პირადად ვეცნობი ყველა მოქალაქის და პაციენტის მდგომარეობას. ჩვენ ამიტომ ვაპირებთ კლინიკური მიმართულება კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ. ერთეული შემთხვევები გვქონდა როგორც დაყოვენებების, მათ შორის ლაბორატორიული ნიმუშების პასუხების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი აღმოფხვრილია, სისტემა სრულიად გამართულად მუშაობს როგორც ლაბორატორიების ნაწილში, ასევე დიაგნოსტიკის კუთხით“, - დასძინა თორნიკე რიჟვაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს, 21 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან აჭარაში 92 შემთხვევა დადასტურდა.