მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ მიმდინარეობს კორონავირუსი ბავშვებში და როგორია მკურნალობის ტაქტიკა - ინფექციონისტი რუსუდან კობახიძე

ინფექციონისტი
1585581954
COVID-19

„კორონავირუსი ბავშვებს არ ემართებათ“, - ეს იყო ფრაზა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ფონზე მალევე აიტაცა საზოგადოებამ, თუმცა დღევანდელი რეალობა ამ ფრაზას არ ამართლებს, ვინაიდან საქართველოში 100 ინფიცირებულიდან 5 მცირეწლოვანი ბავშვი იყო, მათგან ამ ეტაპზე ორია გამოჯანმრთელებული. ევროპის ქვეყნებში კი, სამწუხაროდ, კორონავირუსით არასრულწლოვნების გარდაცვალების შემთხვევებიც დაფიქსირდა.

რასთან არის დაკავშირებული ის ფაქტი, რომ მოზარდებში კორონავირუსის მიმდინარეობა ნაკლები აგრესიულობით არის გამოხატული და ინფექცია მათ გაცილებით იოლად გადააქვთ, რამდენად რთული სამართავია კორონავირუსული ინფექციის მკურნალობა ბავშვებში და არის თუ არა მცირეწლოვან ბავშვებში მკურნალობის განსხვავებული ტაქტიკა, ამის გასარკვევად pia.ge ინფექციონისტს  რუსუდან კობახიძეს ესაუბრა:

– საქართველოში კორონავირუსით 100 ინფიცირებულიდან 5 მცირეწლოვანი ბავშვი იყო, ამჟამად ორი ბავშვი უკვე გამოჯანმრთელებულია, როგორია დღეს ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა და რამდენად დამაიმედებელია დინამიკა?

– ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ნამდვილად არ არის საგანგაშო, ყველა მათგანი ექვემდებარება მკურნალობას, ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ისინი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

– მცირეწლოვანი ბავშვების მკურნალობის ტაქტიკა რამდენად განსხვავებულია სხვა პაციენტების მკურნალობის მიმდინარეობისგან?

– მკურნალობის ტაქტიკას რაც შეეხება,  ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომური, რაც შეეხება სპეციფიკურ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება მოზრდილებში, ბავშვებში ამ პრეპარატის გამოყენებისგან თავს ვიკავებთ და მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა ტარდება თითოეულ ბავშვზე.

– სეზონურ გრიპებს თუ შევადარებთ, რამდენად რთული სამართავია კორონავირუსული ინფექციის მკურნალობა ბავშვებში?

– ნებისმიერ თანმხლები დაავადება, რა თქმა უნდა, არასასურველია ნებისმიერი ინფექციური დაავადების დრო, თუმცა ჯერჯერობით რაიმე სტატისტიკაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა.

ჩვენთან არცერთ დაინფიცირებულ ბავშვს არ აქვს თანმხლები დაავადება, ხუთივე შემთხვევაში გვაქვს მხოლოდ კორონავირუსის ინფექცია. ამ ეტაპზე ვირუსის მართვა არ წარმოადგენს სირთულეს იქიდან გამომდინარე, რომ მსუბუქი მიმდინარეობით არის ამ ეტაპზე. ერთადერთი ის არის, რომ ეს დაავადება ხანგრძლივი პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან დროში გაწელილია და სანამ ბოლომდე არ დასრულდება მკურნალობა, გართულებები მოსალოდნელია და ვართ რისკის ქვეშ.

თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ სეზონურ გრიპთან შედარებით გაცილებით დიდხანს სჭირდება მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა და ის მკურნალობა, რაც ტარდება, შედარებით ხანგრძლივია და განსხვავებული მიდგომა ესაჭიროება.

– გარდა საყოველთაოდ ცნობილი რეკომენდაციებისა, რამე დამატებითი რჩევა ხომ არ არსებობს მშობლებისთვის, რათა მაქსიმალურად დაიცვან ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები კორონავირუსისგან?

– რაც არ უნდა მოსაბეზრებელი და ბანალური იყოს, პირველ რიგში აუცილებელია დავიცვათ პირადი ჰიგიენა, ხშირად დავიბანოთ ხელები, დავიცვათ დისტანცია, რაც მცირეწლოვან ბავშვებში უფრო გართულებულია, რადგან მშობლებს უჭირთ ბავშვებზე მითითების მიცემა, რომ არ გავიდნენ გარეთ, თუმცა ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს ეს საყოველთაოდ ცნობილი რეკომენდაციები და დაიცვან ბავშვები, სხვა შემთხვევაში ჩვენ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით.

ასევე ფრაზა, ის რომ „ბავშვებს არ ემართებათ კორონავირუსი“, ვფიქრობ, ცოტა უტრირებული იყო, უბრალოდ პროცენტულად ნაკლები შემთხვევები იყო ბავშვების დაინფიცირების, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვებს არ ემართებათ კორონავირუსი, სამწუხაროდ რთულია იმის განსაზღვრა, რა ასაკში დაემართება ადამიანს ვირუსი. ასევე, ჯერჯერობით უცნობია, რასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. ამას დიდი მეცნიერული კვლევა სჭირდება.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 100 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ასევე საქართველოში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, რაც მოქალაქეებს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს.