მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველო მარტის თვეში კიდევ 214 ათას დოზა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს“ - ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
1612551566
COVID-19

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ვრცელ წერილს აქვეყნებს სათაურით „როგორ უმკლავდებიან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლას საქართველო და სხვა ქვეყნები“.

როგორც თენგიზ ცერცვაძის წერილშია აღნიშნული, პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები, ექსპერტები და რამოდენიმე პოლიტიკურად ანგაჟირებული ან ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექიმები ცდილობენ დაამკვიდრონ საზოგადოებაში აზრი, რომ ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის თვალსაზრისით უმძიმესი სიტუაციია, ქვეყანამ არაფერი გააკეთა და ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია.

ამასთან, ცერცვაძე თავის წერილში ამბობს, რომ ისინი ცდილობენ სპეკულირებას იმ სიძნელეებით, რომლებიც ქვეყანაში შეიქმნა COVID პანდემიის გამო და ცდილობენ აამხედრონ ადამიანები ქვეყნის ხელმძღვანელების, ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმების წინააღმდეგ.

„ამ ადამიანებს ერთ რამ აქვს საერთო - არცერთ მათგანს არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებია არც COVID პაციენტების დასახმარებლად და არც იმ ადამიანების მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ვისი ბედითაც ისინი სპეკულირებენ და მანიპულირებენ. მათ ცოცხალი თავით არ უნდათ დაინახონ, რასაც მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველო ძალიან დიდი წარმატებით მართავს COVID-19-ის პანდემიას, შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო COVID საწინააღმდეგო სამსახური და აქვს ევროპისა და ამერიკის ქვეყნებს შორის COVID-19-ით სიკვდილობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (1,25%)“, - აცხადებს ცერცვაძე.

ცერცვაძეს მაგალითად ევროპის ქვეყნები მოჰყავს, სადაც კოვიდინფექციის გავრცელების გამო რეგულაციებია გამკაცრებული.

„თუ პანდემიის პიკის პერიოდის 2-3 კვირას არ ჩავთვლით, ქვეყანაში კლინიკური სექტორი საათივით აწყობილად მუშაობს და პაციენტთა ნაკადები პრაქტიკულად იდეალურად იმართება. COVID საწოლების ფონდი საკმარისზე მეტია და მძიმე ავადმყოფების ჰოსპიტალიზაცია ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხდება.

შეუფერხებლად და გამართულად ემსახურება მოსახლეობას სასწრაფო დახმარების სამსახური და ოჯახის ექიმების ქსელი. ძალიან ეფექტიანად მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით 65 „ონლაინ კლინიკა“ 2 ათასზე მეტი ოჯახის ექიმით.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს უნიკალური „ონლაინ-კლინიკა“ სამინისტროში 300 ექიმით, რომელიც 7/24 საათის რეჟიმში ახდენს სხვა „ონლაინ-კლინიკების“ მონიტორინგს და კონტროლს, აგრეთვე იღებს ზარებს ყველა იმ პაციენტისგან, რომლებმაც ვერ მოახერხეს კომუნიკაცია სასწრაფოებთან ან თავის ოჯახის ექიმთან.

პანდემიის ყველა ეტაპზე უაღრესად ეფექტიანად მუშაობდნენ ე.წ. კოვიდ სასტუმროები, რომელიც საქართველოს „know how“-ა. საქართველომ განვითარებადი ქვეყნებიდან ერთ-ერთმა პირველმა (პირველ ხუთეულში) შეძლო მიეღო COVID-19 ვაქცინის (და ისიც უმაღლესი ხარისხის) პირველი პარტია (30 ათასი დოზა), ხოლო მარტის თვეში კიდევ 214 ათას დოზას მიიღებს.

ქვეყნის ხელმძღვანელობა შეზღუდული ეკონომიკური რესურსების გათვალისწინებით მაქსიმუმს აკეთებს, რათა როგორმე შეამსუბუქოს მდგომარეობა მოსახლეობის იმ ნაწილის, ვინც COVID-19-ის პანდემიით ეკონომიკურად ყველაზე მეტად დაზარალებულია.

ყველაფერი ეს 100%-იანი სიმართლეა და საზოგადოებამ განსაჯოს, ვინ არის ქვეყნისთვის „მავნებელი“ და ვინ რა შეფასებას იმსახურებს“, - ნათქვამია ცერცვაძის წერილში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 261 018-ს შეადგენს.