მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველო შეეწირა არჩევნებს და ამის გამო მეოთხე ტალღა არ გაჩერებულა“ - გიორგი ფხაკაძე

გიორგი ფხაკაძე
1634030509
COVID-19

„საქართველოში გიორგი ფხაკაძის გარდა ვაქცინის საკითხებში სხვა ექსპერტი არ არის, დანარჩენები არიან ძალიან კარგი სხვადასხვა ტიპის ექიმები, მაგრამ ისინი არ არიან ამ სფეროში ჩართულები“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში უნდა მიმდინარეობდეს მოსახლეობის მხოლოდ ერთი ვაქცინით „ფაიზერით“ აცრა, რადგან ამან მოსახლეობაში დაბნეულობა არ გამოიწვიოს, ამის გარდა ის ამ ვაქცინის ეფექტურობაზეც საუბრობს.

„ზოგიერთ ორგანიზაციას ჰქონდა ვაქცინაციის მოთხოვნა და ამით პრაქტიკულად დამთავრდა ვაქცინაციის გეგმა. რეალურად ციფრები ცოტა გაბერილია, არასწორი სტატისტიკაცაა, რადგან მაგალითად არ ვიცით სულ რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. ეს მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა კი არ არის, არამედ ბრიტანეთშიც იყო მსგავსი პრობლემა.

ამგვარად, ჩვენ გვაქვს სტატისტიკის ნაკლებობა, ხდება სტატისტიკის მანიპულაცია და საბოლოო ჯამში, ვართ მძიმე მდგომარეობაში.

ქვეყანაში აიცრა ყველა, ვისაც უნდოდა აცრა. ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ მეორე ეტაპზე, სადაც სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ რას ვშვრებით?

მაგალითად საფრანგეთში 12 წლიდან ზემოთ მოსახლეობის 95% აცრილია, პორტუგალიაში 12 წლიდან - 98% და საქართველოში 12 წლიდან ზევით 10 პროცენტიც არ არის აცრილი. ეს არის რეალური ციფრი და მე ტყუილს არ ვამბობ.

ჩვენ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი, თუ გვინდა წავიდეთ წინ, უნდა მივიღოთ პროფესიონალური, სწორი გადაწყვეტილება და არა პოპულისტური, წინასაარჩევნო გადაწყვეტილებები.

სამწუხაროდ საქართველო შეეწირა არჩევნებს და ამის გამო მეოთხე ტალღა ქვეყანაში არ გაჩერებულა. 40 ადამიანს რომ კარგავ დღეში, ეს არის არანორმალური“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ქვეყანამ უნდა შეადგინოს საკუთარი ინდივიდუალური გეგმა და ეს არ უნდა იყოს COPY - PASTE.

ფხაკაძემ ისაუბრა საქართველოში ბავშვთა ვაქცინაციაზეც და აღნიშნა, რომ ამის მომხრეა, თუმცა თავდაპირველად უმჯობესია მოზრდილი მოსახლეობის აცრა მოხდეს და შეიქმნას ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო.

„ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით 12 წლიდან ბავშვების აცრისგან თავს შევიკავებდი, რადგან ჯერ მოზრდილი მოსახლეობა არ არის აცრილი და როცა სამედიცინო დაწესებულებაში, სკოლებში პერსონალი იქნება აცრილი, მაშინ შეგვიძლია გადავიდეთ ბავშვებზე.

ეს სწორი ნაბიჯია ქრონიკული დაავადებათა პაციენტთათვის, მაგრამ ჩვენ ჯერ უნდა შევქმნათ უსაფრთხო გარემო ბავშვებისათვის.

ჩემი აზრით, ქვეყანა უნდა გადავიდეს ერთ ვაქცინაზე და ეს არის „ფაიზერი.“ უნდა შეჩერდეს ქვეყანაში ჩინური ვაქცინებით აცრა. ყველა სამედიცინო დაწესებულებაში 100% დამლაგებლიდან დაწყებული ყველა უნდა იყოს ვაქცინირებული“,- განაცხადა ექსპერტმა.

გიორგი ფხაკაძემ წარმოადგინა კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პროცესი:

პირველ რიგში: უნდა გადავიდეთ ერთ ვაქცინაზე და ესაა „ფაიზერი“;

მეორე: ჩვენ თუ გვინდა ჩვენი ბავშვები იყვნენ დაცულები, სასწავლო დაწესებულებებში პერსონალის 100% უნდა იყოს აცრილი;

შემდეგ: უნდა გადავიდეთ სერვისზე, (იმ ადგილებში, სადაც გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ერთმანეთთან) როგორიცაა მაღაზიები და სხვა დაწესებულებები, ყველა უნდა იყოს აცრილი;

უნდა შევამციროთ არასაჭირო მოგზაურობები და გადაადგილებები: მაგალითად ის ორგანიზაციები, სადაც შეიძლება დისტანციურად მუშაობა, ამ რეჟიმზე უნდა გადავიდნენ.

ჩვენ კი არ უნდა ვთქვათ, ეს ვაქცინაა კარგიო, არამედ უნდა ვთქვათ - „აიცერი!“

როგორც კი „ფაიზერის“ ეფექტურობა დადასტურდა, მაშინ ვთქვი ხალხნო, „ხაჭაპური შეიბრაწა“, ეს ვაქცინა გაიკეთეთ, კარგია-თქო“, - აღნიშნა ფხაკაძემ.

გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა ჩინური ვაქცინების ეფექტურობაზეც და აღნიშნა, რომ მათი ეფექტურობა 2-3 თვემდე ნარჩუნდება.

„ყველა ვაქცინა არის უსაფრთხო, ყველა ეხმარება ადამიანებს გადარჩენაში, მაგრამ ეფექტურობა სხვადასხვაა. ბოდიში, მაგრამ 2-3 თვის მერე თქვენ არავაქცინირებულები ხართ. დაცულები ხართ პირველი 3 თვე, ერთადერთი გამოსავალი არის - აიცერით „ფაიზერით.“

ბოლოს კი „ფაიზერის“ ვაქცინა და სამედიცინო პირბადე - ეს არის საუკეთესო საშუალება, რომ დავამარცხოთ ეს ვირუსი“, - დასძინა გიორგი ფხაკაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 774 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი, ხოლო 1623 პირი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 640357-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 603995 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 306 პაციენტი ემსხვერპლა.

იხილეთ აგრეთვე:

📣„თუ მოზრდილი მოსახლეობის 80% აიცრება, ინფიცირება 5-ჯერ, ხოლო სიკვდილიანობა 10-ჯერ შემცირდება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

📣„თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისია“ - ივანე ჩხაიძე