მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვები და დაშვებები

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება
1585055395
COVID-19

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებში, კონკრეტული შეზღუდვები დაწესდა.

იზღუდება სატრანსპორტო მიმოსვლა:

საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, შეჩერებულია ყველა სახის საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა - საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო. ჩარტერული ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ. შეწყვეტილია სამგზავრო მატარებლების მოძრაობა, შეუფერხებლად ხორციელდება მხოლოდ სატვირთო გადაზიდვები.

იკრძალება საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. ჩერდება შიდა საჰაერო მიმოსვლა მგზავრთა გადაყვანის მიზნით. საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება მხოლოდ ჩარტერული ფრენები.

თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის საზღვრებში შეჩერებულია შიდა მიმოსვლა - სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ ცენტრსა და სოფლებს შორის სამგზავრო გადაყვანაზე.  

საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21 აპრილამდე შეჩერდა სასწავლო პროცესი:

შესაბამისი ტექნიკური რესურსის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაძლებელია დისტანციური სწავლება.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები ვალდებულნი არიან, 21 აპრილამდე იმუშაონ დისტანციური რეჟიმით, თუ მათი ადგილზე ყოფნა კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის.   

აიკრძალა ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი. მსგავსი ღონისძიებები დასაშვებია მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში.

შესაძლებლობის ფარგლებში, დასაშვებია ავტორიზაციის და აკრედიტაციის, ასევე, პროფესიული მომზადების და გადამზადების წესებით მოთხოვნილი ადმინისტრაციული წარმოების დისტანციურად წარმართვა. ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადები საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულად ჩაითვლება.

შეიზღუდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები:

აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ასევე - ღია სივრცეში.

აიკრძალა ყველა ტიპის სპორტული ღონისძიება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, მათ შორის, წვრთნა, ვარჯიში.

როგორც კულტურული, ასევე სპორტული ღონისძიებებისა და აქტივობებისთვის დასაშვებია მხოლოდ დისტანციური ფორმები.

იზღუდება შეკრება, მანიფესტაცია და თავშეყრა. 

საჯარო სივრცეში აიკრძალა 10-ზე მეტი პირის თავშეყრა. საჯარო სივრცე ნიშნავს ნებისმიერ ადგილს როგორც გარეთ, ასევე - შენობებში და არ გულისხმობს კერძო პირის საცხოვრებელ ადგილს.        

აიკრძალა ყველა ტიპის სოციალური ღონისძიება, რომელიც 10-ზე მეტი პირის შეკრებას ითვალისწინებს, მაგალითად, ქელეხი, ქორწილი.

10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია იმ კერძო დაწესებულებებში, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ. ისინი ვალდებულნი არიან, სამუშაო სივრცეში დაიცვან 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია და დაემორჩილონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. 

იზღუდება ეკონომიკური საქმიანობა.

რესტორნებს, კვების ობიექტებს, საწარმოებს, ეკრძალებათ მომსახურების სივრცეში მომხმარებლების დაშვება. აღნიშნული ტიპის ობიექტებს საქმიანობა შეუძლიათ მხოლოდ ადგილზე მიტანის ან ე.წ „დრაივის“ მომსახურებისთვის.

შეჩერდა კლუბების, გასართობ-დასასვენებელი ცენტრების, კინოთეატრების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების, სილამაზის სალონების, ღამის კლუბების საქმიანობა.  

აზარტული და მომგებიანი თამაშების მომსახურება აკრძალულია. აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

სურსათის მწარმოებელი, გადამამუშავებელი ობიექტები ვალდებულნი არიან, სურსათის ნებისმიერი სახით დამუშავების დროს დაიცვან ტემპერატურული რეჟიმები; პერსონალმა გამოიყენოს პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი; პერსონალმა ხშირად, თხევადი საპნით და წყლით დაიბანოს ხელები; ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ ხელები დაიმუშაოს არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ან სადეზინფექციო ხსნარით.

სურსათის მწარმოებელ, გადამამუშავებელ ობიექტებს ევალებათ, უზრუნველყონ ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის ხშირი რეცხვა-დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისთვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით.

სურსათის მწარმოებელმა და გადამამუშავებელმა ობიექტებმა სამუშაოს დაწყების წინ უნდა გააკონტროლონ პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა). სურსათის ნებისმიერი სახით დამუშავების დროს დაიცვან ტემპერატურული რეჟიმები.     

მიტანის სერვისის მიმწოდებელი ობიექტები ვალდებულნი არიან, სურსათი მოათავსონ ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების შემთხვევაში, ყოველი გამოყენების შემდეგ უზრუნველყონ რეცხვა-დეზინფიცირება; სურსათის ტრანსპორტირებისას დაიცვან შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი. პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით.

საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტები ვალდებულნი არიან - პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით; ხშირად ჩაატარონ რეცხვა-დეზინფექცია და გააკონტროლონ მომხმარებლების მიერ სოციალური დისტანციის, არანაკლებ 2 მეტრის დაცვა.

წესდება შეზღუდვები კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველივე მოთხოვნისთანავე, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული არიან, საქართველოს მოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანის და ტვირთის ტრანსპორტირების მიზნით განახორციელონ ჩარტერული ფრენები.

უზრუნველყონ შესაბამისი პირების გადაყვანა საკარანტინო ზონებში, ხოლო ტვირთების გადაზიდვა - დანიშნულების ადგილებში.

გამოყონ სასტუმრო და განთავსების მსგავსი საშუალებები შესაბამისი სერვისებით კარანტინში მოქალაქეთა განთავსებისა და მათთვის სათანადო პირობების შესაქმნელად.   

წესდება შეზღუდვები საჯარო სერვისების მიწოდებაზე.

ჩერდება ან გადაიდება შენობების დემონტაჟი;

ჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის და განხილვის ვადები.

დგინდება ნოტარიუსების საქმიანობების განსხვავებული წესი.

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს, დასაშვებია:

10-ზე მეტი პირის თავშეყრა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო.

10-ზე მეტი პირის თავშეყრა სამედიცინო ან საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში.

10-ზე მეტი პირის თავშეყრასთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

დასაშვებია სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაცია.

ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდების ობიექტების საქმიანობა.

სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია.

საქმიანობის შეჩერება არ ეხება საქონლის, პროდუქტის საცალო/საბითუმო მიწოდება/რეალიზაციის ობიექტებს, თუ საცალო მიწოდება-რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ან ადგილიდან გატანით სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის წვდომის გარეშე.

საქმიანობის შეჩერება არ ეხება პრესის ჯიხურებს.

დასაშვებია რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებსა თუ ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის მიზნით, სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის შესვლის გარეშე.

ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, რომელიც ძალაშია 21 აპრილამდე.