მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებიდან 1 თვეში აქტიურ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 38-ით შემცირდა

რატომ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ? 2020 წ.
1593419507
COVID-19

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან 5 კვირაზე მეტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებიდან კი 1 თვე გავიდა. მოიხსნა სხვა შეზღუდვების დიდი ნაწილიც. შიში იმის შესახებ, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდებოდა, არ გამართლდა, პირიქით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის ხარჯზე, აქტიურ პაციენტთა რაოდენობა შემცირდა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში ირანიდან შემოსულ პირს 26 თებერვალს დაუდასტურდა. ზოგად რეკომენდაციებს, მასობრივი ღონისძიებების გაუქმებასა და მიკროავტობუსების აკრძალვას 21 მარტს საგანგებო მდგომარეობის გამოაცხადება მოჰყვა. 31 მარტიდან შეზღუდევები მნიშვნელოვნად გამკაცრდა, გამოცხადდა კომენდანტის საათი. აიკრძალა თითქმის ყველა ტიპის ეკონომიკური საქმიანობა. გაჩერდა მეტრო. 17 აპრილიდან 27 აპრილამდე აკრძალული იყო ავტომობილით გადაადგილებაც. საგანგებო მდგომარეობა კომენდანტის საათთან ერთად 23 მაისს გაუქმდა. ორი თვის განმავლობაში 8000-ზე მეტ ფიზიკურ პირს რეჟიმის დარღვევისთვის 3000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

მედიკოსები ერთ-ერთ ყველაზე დიდი საფრთხის შემცველად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას მიჩნევდნენ, რადგან ამ შემთხვევაში სოციალური დისტანციის დაცვა არათუ 2 მეტრზე, 0.5 მეტრზეც კი ხშირად ვერ ხერხდება. მისი ამუშავება შეზღუდვების მოხსნის 6 პუნქტიან გეგმაშიც არ იყო შესული. 29 მაისს, როდესაც ყველა ტიპის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდა, საქართველოში კოვიდინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 746-ს შეადგენდა, აქტიურ პაციენტთა რაოდენობა - 155-ს,  გარდაცვლილთა რაოდენობა 12-ს შეადგენდა. 1 თვის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა 180-ით 926-მდე და გარდაცვლილთა რაოდენობა 3-ით, 15-მდე გაიზარდა, მაგრამ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ყველაზე მეტით - 215-ით 791-მდე გაიზარდა, შესაბამისად აქტიურ პაციენტთა რაოდენობა 38-ით, 117-მდე შემცირდა.

ბოლო 1 თვეში საოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა ფუნქციონირება განაახლა საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა, ყველა ტიპის მაღაზიამ, სავაჭრო ცენტრებმა, რესტორნებმა, სასტუმროებმა. კვლავ დაკეტილი რჩება სპორტ-დარბაზები და სამორინეები, ასევე 1 თვით 1-ელ აგვისტომდე გადაიდო რეგულარული ფრენების აღდგენაც.