მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს შესაძლოა სანქციები დაუწესოს

აშშ-ჩინეთი
1589377104
COVID-19

შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ჩინეთს სანქციები დაუწესოს. მიზეზი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაა. ამ მოთხოვნით პრეზიდენტ ტრამპის მოკავშირე რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი გამოვიდა.

სენატორის მტკიცებით, ჩინეთს ვირუსის შესახებ მსოფლიოსთვის თავიდანვე რომ ეცნობებინა, ის 80 ათას ამერიკელს ვერ მოკლავდა. მისი თქმით პეკინი გამოძიებასთან არც ამჟამად თანამშრომლობს და ამის იმედი მას არც მომავალში გააჩნია.

ტრამპის ოპონენტები ჩინეთის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს პრაქტიკულად თანხმდებიან, მაგრამ ისინი სანქციების დაწესებაში პასუხისმგებლობის თავის არიდების მცდელობასაც ხედავენ.

გრეჰემი საწყის ეტაპზე გამოძიებას ითხოვს, სადაც ჩინეთმა 60 დღის ვადაში აშშ-ს და მის მოკავშირეებს ვირუსის შესახებ ყველა საჭირო ცნობა მიაწოდოს.

კიდევ ერთი მოთხოვნა ვირუსის ხელახალი გავრცელების პრევენციას უკავშირდება და ჩინეთში საეჭვი ე.წ. სველი ბაზრების დახურვას გულისხმობს.

ჩინეთი წარდგენილ კანონპროექტს „უზნეოს“ უწოდებს და ბრალდებებს უარყოფს. საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის ჯაო ლიჯიანის განცხადებით ეპიდემიის დადასტურების დღიდან ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს.

ოფიციალური ინფორმაციით ახალი ტიპის კორონავირუსი ჩინეთში დეკემბერში გაჩნდა, არაოფიციალურად რამდენიმე თვით ადრე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაავადება პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. 13 მაისის მდგომარეობით მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში, ლაბორატორიულად დადასტურებულმა ვირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 4.4 მლნ-ს მიაღწია. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მინიმუმ 80%-ის შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს ეს რიცხვი შესაძლოა 20 მლნ-საც აჭარბებდეს. ვირუსმა ჯამში 293 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თუმცა ეს რიცხვიც საკამათოა. მედიკოსთან ნაწილი მიიჩნევს, რომ გარდაცვლილი ადამიანების უმრავლესობის სიკვდილის რეალური მიზეზი სხვა თანმდევი მძიმე ქრონიკული დაავადებაა და არა კორონავირუსი.

პანდემიის შესაკავებლად ქვეყნების უმრავლესობამ კარანტინი გამოაცხადა. 3 მლრდ-ზე მეტი ადამიანი იძულებით სახლებში აღმოჩნდა გამოკეტილი. შეჩერდა წარმოება, საერთაშირისო ფრენები და შიდა მიმოსვლაც. რამაც ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. აშშ-ში უმუშევრობა 3.5%-დან 14.7%-მდე გაიზარდა, რაც 80 წლიანი რეკორდია. თუმცა აშშ ერთადერთი გამონაკლისი არაა. რეცესიის მოლოდინშია მსოფლიოს სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა. გლობალური ეკონომიკა მინიმუმ 3%-ით შემცირდება. ასეთი ვარდნა დიდი დეპრესიის შემდეგ აღარ ყოფილა. იმის გათვალისწინებით, რომ კრიზისი პირველ რიგში მოსახლეობის ღარიბ ფენას ეხება. შიმშილით, არასრულფასოვანი კვებითა და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის დაკარგვით მაღალი ალბათობით იმაზე ბებრად მეტი ადამიანი დაიღუპება ვიდრე უშუალოდ კორონავირუსით.