მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შემოსავლების სამსახურის 596 თანამშრომელს კოვიდ 19-ზე ტესტირება ჩაუტარდა

ტესტი კოვიდ19-ზე
1600876204
COVID-19

18-23 სექტემბერს შემოსავლების სამსახურის 596 თანამშრომელს მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„COVID-19-ის რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, 18-23 სექტემბერს, მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელებს (გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი“, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისი 2“, საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი“, საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“, საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“, საერთო ჯამში 596 პირს) გამოკვლევა ჩაუტარდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მატივე ცნობით, გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსით ინფიცირება საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფი“ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ინფიცირებული თანამშრომელი მკურნალობას გადის ქალაქ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. ამ ეტაპზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას, საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ მიზნობრივ ტესტირებას ანტიგენსა და ანტისხეულზე ექვემდებარებიან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები (როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე პირები).

აღნიშნული პროცედურა ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, საზღვაო ნავსადგურებსა და საბაჟო კონტროლის ზონებში განთავსებულ სპეციალურ სამედიცინო პუნქტებში, რომლებიც აღჭურვილია ტესტირებისთვის აუცილებელი ინვენტარით.

ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში, მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდა 3 945 სატვირთო ტრანსპორტის მძღოლს.

არსებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში კორონავირუსზე ტესტირების პროცესი კვლავ გაგრძელდება.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.