მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოვაკს“ ხანდაზმულ ასაკში საკმაოდ კარგი ეფექტი აქვს“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
1621426165
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის „სინოვაკის“ მახასიათებლების შესახებ საუბრობს და განმარტავს, რომ აღნიშნული ვაქცინა გამოცდილი, ე.წ. ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული.

პაატა იმნაძის თქმით, „სინოვაკს“ შენახვის განსაკუთრებული წესი არ სჭირდება, მათ შორის არც ულტრადაბალი ტემპერატურა.

მისივე თქმით, „სინოვაკის“ ადმინისტრირება ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია.

„სინოვაკი“ არის კიდევ ერთი ვაქცინა, რომელიც დამზადებულია ტრადიციული, გამოცდილი ტექნოლოგიით ანუ ეს არის ინაქტივირებული ვაქცინა. ეს არის დახოცილი ვაქცინა, უფრო მარტივად ასე უწოდებენ. ცოცხალი ვირუსების დახოცვა ხდება გარკვეული მეთოდით და შემდგომ მისი ვაქცინის სახით გამოყენება.

რადგანაც ეს არის ჩვეულებრივი, ინაქტივირებული ვაქცინა, ეს ვაქცინა ინახება ჩვეულებრივი მაცივრის პირობებში, მას არ სჭირდება ულტრადაბალი ტემპერატურა შესანახად, ამიტომ მისი ადმინისტრირება გაცილებით უფრო მარტივია ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, იმნაძის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტმა „სინოვაკს“ უკვე გაუწია დადებითი რეკომენდაცია.

იმნაძე აცხადებს, რომ პროცედურული ნაწილია დარჩენილი და „სინოფარმის“ მსგავსად, „სინოვაკიც“ ოფიციალურ ავტორიზაციას მიიღებს.

„ეს ვაქცინა 32 ქვეყანაში არის ავტორიზებული. რა თქმა უნდა თვითონ ჩინეთში ავტორიზაცია მან მიიღო ამ წლის თებერვალში, ის ძალიან ფართოდ გამოიყენება ისეთ ქვეყნებში როგორიც არის ბრაზილია, ეგვიპტე, ინდონეზია, მექსიკა, ტაილანდი, ასევე უკრაინაში, ჰონგკოგში. გამოიყენება ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც.

ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს ყველა აღნიშნულ ქვეყანაში. რაც მთავარია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ავტორიზაციას გადის. ჯანმოში არის იმუნიზაციის ექსპერტთა კომიტეტი, რომელსაც დადებითი დასკვნა უკვე გაცემული აქვს. პროცედურული ნაწილები დარჩა, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში ეს ვაქცინა ოფიციალურ ავტორიზაციას მიიღებს.

საინტერესო ის არის, რომ „სინოვაკის“ წინასწარი შესწავლა უკვე დაწყებული აქვს ევროპის წამლის სააგენტოს, რათა ევროპაშიც მოხდეს ამ ვაქცინის ავტორიზაცია. ვაქცინა 18 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში გამოიყენება. ხანდაზმულ ასაკშიც საკმაოდ კარგი ეფექტი აქვს ამ ვაქცინას და ამიტომ რეკომენდებულია მისი გამოყენება“, - აცხადებს პაატა იმნაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს „ასტრაზენეკათი“ , ხოლო 30 მარტს „ფაიზერით“ დაიწყო.

გარდა აღნიშნული ორი ვაქცინისა, საქართველომ 3 აპრილს ჩინური „სინოფარმის“ პირველი პარტია - 100 ათასი დოზა მიიღო. „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

👉 „სინოვაკი“ ავტორიზებულია 25 ქვეყანაში და ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი“ - თამარ გაბუნია

👉 1160 ინფიცირება, 1302 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

👉 „სინოვაკის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება, ვაქცინაციას კი მოქალაქეები 24 მაისს შეძლებენ