ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა თამარ გაბუნიამ და გიორგი წოწკოლაურმა ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრი დაათვალიერეს და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს შეხვდნენ.
მინისტრის პირველმა მოადგილემ სოფლის ექიმებს 46 კომპიუტერი გადასცა, რათა მათ პაციენტებთან ონლაინკონსულტაციების ჩატარება შეძლონ.
თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევა ექვემდებარება ჩვეულებრივ, სტანდარტულ, სიმპტომურ მკურნალობას და მისი მართვისთვის განსაკუთრებული პირობები საჭირო არ არის.
"შევხვდით ზუგდიდში ოჯახის ექიმებს და სოფლის ექიმებს. გავიარეთ ის ძირითადი საკითხები, რათა მაქსიმალურად დაიცვან თავიანთი თავიც და ასევე დროულად გამოავლინონ ინფექცია, სად გადაამისამართონ პაციენტი, რა რჩევა უნდა მისცენ და სხვა. მთავარი რჩევა არის კონტაქტებისგან თავის არიდება და სახლში დარჩენა. სიცხიანი პაციენტი, რომელიც მივა ოჯახის ექიმთან აუცილებლად დაექვემდებარება შესაბამის შეფასებას. კარგია თუ საწყისი კონსულტაცია პაციენტსა და ოჯახის ექიმს შორის შედგება ტელეფონით, რათა დავიცვათ ინფექციის გავრცელება სამედიცინო პერსონალში და ასევე თავიდან ავირიდოთ სიცხიანი პაციენტის გარე სივრცეში მოძრაობასთან დაკავშირებული რისკები. სიცხიან პაციენტს ოჯახის ექიმი შეაფასებს და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართდება შესაბამის სამსახურში, ეს იქნება ცხელების კლინიკა რაიონულ დონეზე, ან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახური, რომელიც პაციენტს მისცემს სათანადო მიმართულებას და ჩაუტარდება გამოკვლევები. ამისთვის უკვე შემუშავებულია პროტოკოლი. ზუგდიდში ასევე იგეგმება სატელეფონო ხაზის ამოქმედება, იმისათვის, რომ არ მოხდეს სასწრაფო დახმარების სამსახურის გადატვირთვა და სწორი ტრიაჟი, 112-დან ზარები გადამისამართდება ოჯახის ექიმთან, რათა ოჯახის ექიმმა გააკეთოს საწყისი ტრიაჟი და შემდეგ დააბრუნოს ზარი 112-თან. ჩვენ ოჯახის ექიმებს გადავეცით კომპიუტერები, რათა მათ შეძლონ ონლაინ კონსულტაციები პაციენტებთან", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.