მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 1/3-ს კორონავირუსი გადატანილი აქვს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
1618925650
COVID-19

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში თბილისში COVID 19-ის გამოუვლენელი შემთხვევების რაოდენობის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

„COVID 19-ის გამოუვლენელი შემთხვევების რაოდენობა ქ. თბილისში ჩვენ შევისწავლეთ COVID-19-ის გამოუვლენელი შემთხვევების პრევალენტობა (გავრცელება) ქ. თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში, სისხლში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრის გზით, რომელიც წარმოდგენას გვაძლევს, თუ მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი COVID-19 ისე, რომ თვითონ ამის შესახებ არ იცის და აქვს COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტი.

ეს მონაცემები შევადარეთ COVID გადატანილი (ლაბორატორიულად დადასტურებული) პაციენტების რაოდენობას.
კვლევა ჩატარდა ა.წ. მარტში. კვლევაში მონაწილეობდა 903 პირი ქ. თბილისის ყველა რაიონიდან, რომელთაც არ ჰქონდათ გადატანილი დადასტურებული COVID-19. მიღებული შედეგები გადაანგარიშებულ იქნა ქ. თბილისის მთელ მოსახლეობაზე.

კვლევის შედეგებმა გვიჩვენა შემდეგი:

ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობა შეადგენს 859 ათას პირს. მათგან ოფიციალური მონაცემებით ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-19 ა.წ. 10 მარტისთვის გადატანილი ჰქონდა 100 641 პირს, რაც შეადგენს ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის საერთო რაოდენობის 11,7%-ს.

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულები გამოვლენილ იქნა 204 520 პირში (გამოუვლენლად გადატანილი COVID-19), რაც შეადგენს ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის საერთო რაოდენობის 23,8%-ს. შესაბამისად გამოუვლენელი COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 2-ჯერ აღემატება გამოვლენილი (ლაბორატორიულად დადასტურებული) შემთხვევების რაოდენობას.

ჯამში ა.წ. 10 მარტისთვის COVID-19 გადატანილი ჰქონდა (ვინც იცოდა და ვინც არ იცოდა) 305 161 პირს, რაც შეადგენს ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 35,5%-ს. ანუ, ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედს გადატანილი აქვს COVID-19 (მათგან 101 641 პირმა ამის შესახებ იცის, ხოლო 204 520-მა არ იცის). შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქ. თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში ე.წ. იმუნური ფენა შეადგენს ამ მოსახლეობის დაახლოებით მესამედს (გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა COVID-19 გადატანილს შესაძლოა არ ჰქონდეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები).

ანალოგიური კვლევა ქ. თბილისის მასშტაბით ჩვენ ადრეც ორჯერ გვაქვს ჩატარებული - 2020 წლის მაისში და 2020 წლის ნოემბერში. მაშინ კვლევის შედეგები ასეთი იყო: 2020 წლის მაისში გამოუვლენელი COVID-19 გადატანილი პირების რაოდენობა შეადგენდა ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 1%-ს, ხოლო 2020 წლის ნოემბერში - 9.1%-ს“- წერს თენგიზ ცერცვაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 297 728-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 282 237 და გარდაცვლილია 3 959 პირი.

აგრეთვე იხილეთ:

✅თენგიზ ცერცვაძე: ჩინური ვაქცინა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინები

✅„ლოკალური შეზღუდვების საკითხი შესაძლოა დადგეს, მაგრამ ფართომასშტაბიანი „ლოქდაუნი“ ამ ეტაპზე არ იგეგმება“ - გაბუნია

✅„ფაიზერის“ 1 მლნ დოზის მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია“ - ტიკარაძე