მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში გამოკვლეულთა 1.18%-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული დაუდასტურდა

კორონავირუსის ანტისხეულები
1593423453
COVID-19

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრმა 18-27 მაისს თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში COVID-19 სეროპრევალენტობის განმსაზღვრელი კვლევა ჩაატარა. გამოკვლეულთა 1.18%-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული დაუდასტურდა. ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.

კვლევაში სულ მონაწილეობა თბილისის ათივე რაიონიდან 1068 პირმა მიიღო. მათგან 10-ს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული დაუდასტურდა სეროპრევალენტობის შეუწონავმა მაჩვენებელმა 0.94% შეადგინა. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის რაიონული, სქესობრივი და ასაკობრივი განაწილების მიხედვით მონაცემების შეწონვის შემდეგ სეროპრევალენტობამ 1.18% შეადგინა.

ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის განმარტებით კვლევაში გამოყენებული იყო საერთაშორისოდ ვალიდირებული სანდო ტესტ-სისტემა. მიუხედავად ამისა, ჯვარედინი რეაქცია სხვა კორონავირუსულ ინფექციებთან გამორიცხული არ არის, შესაბამისად კვლევაში მიღებული სეროპრევალენტოის მაჩვენებელი შესაძლოა, რეალურზე უფრო მაღალი იყოს.

შედეგების ინტეპრეტაციისას ასევე გათვალსწინებელია, რომ კვლევაში გამოყენებულ იქნა რესპონდენტზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდი (respondent driven sampling), რომელიც  დამყარებულია „თოვლის გუნდის“ (snowball) პრინციპზე, როდესაც თითოეულ მონაწილეს საშუალება ეძლევა კვლევაში ჩართოს თავისი სოციალური წრის 3 წარმომადგენელი.

მსგავსი კვლევები შეერთებული შტატების, შვედეთისა და შვეიცარიის ქალაქებშიც ჩატარდა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული გაცილებით მეტ ადამიანს დაუდასტურდა:

  •    ლოს ანჯელესის საგრაფო (აშშ) - გამოკვლეულია 863 პირი, პრევალენტობა - 4.65%
  •    ნიუ იორკის შტატი (აშშ) - გამოკვლეულია 1500 პირი, პრევალენტობა - 13.9%
  •    ქ. ნიუ იორკი (აშშ) - გამოკვლეულია 1500 პირი, პრევალენტობა - 21.2%
  •    ქ. სტოკჰოლმი (შვედეთი) - გამოკვლეულია 1000 პირი, პრევალენტობა - 10%
  •    ქ. ჟენევა (შვეიცარია) - პრევალენტობა - 10.8% 

29 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 926-ს შეადგენს, მათგან 15 გარდაიცვალა, 791 კი გამოჯანმრთელდა.