მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეა ახვლედიანი: ომით დაშორიშორებული საზოგადოების გახლეჩა კვლავაც გრძელდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი
1596816395
COVID-19

„გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება და მიმდინარეობს კვლავაც ომით დაშორიშორებული საზოგადოების იზოლაცია და გახლეჩა“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა აგვისტოს ომის მე-12 წლისთვათან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წლის ომი საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული მოვლენა გახდა.

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ყველაზე ტრაგიკულ თარიღად ჩაიწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში, რამაც შეიწირა ჩვენი ასობით მოქალაქის სიცოცხლე. ჩვენ დავკარგეთ, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე მებრძოლი ჯარისკაცები, რომელთა სიმამაცე და პატრიოტული სულისკვეთება დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთხელ შეიტანდა მნიშვნელოვან წვლილს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში. დიდ პატივს მივაგებ მათ ხსოვნას და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ისევე როგორც მთლიანად ქართულ საზოგადოებას“, - აღნიშნა მინისტრმა, რომელიც გორში საქართველოს დამოუკიდებლობისა და მშვიდობისთვის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც თეა ახვლედიანმა აღნიშნა, საოკუპაციო ხაზთან მცოვრები მოქალაქეების უფლებების დარღვევა კვლავ გრძელდება და მოსახლეობის სიცოცხლე და ჯენმრთელობა მუდმივად საფრთხეშია.

„სამწუხაროდ, ომის შემდგომაც არაჰუმანურმა საოკუპაციო რეჟიმმა არაერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, განსაკუთრებით გამოვყოფდი არჩილ ტატუნაშვილს, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულს, ირაკლი კვარაცხელიას, რომელთა ხსოვნას ძალიან დიდ პატივს მივაგებ დღეს“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებს რუსული ოკუპაციის დაგმობისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გამოვთქვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ დღემდე გაწეული თანადგომისა და გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის და რწმენას გამოვთქვამ, რომ მათთან მომავალი ინტენსიური კომუნიკაციის შედეგად, შევძლებთ შერიგების პოლიტიკის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევას“,- აღნიშნა თეა ახვლედიანმა.

2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთმა საქართველოს მიმართ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.