მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ საქართველოს 10 000 ფლაკონი „რემდესივირი“ აჩუქა

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1624199398
COVID-19

საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ინფექციური პათოლოგიების და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აშშ-ის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ის განცხადებაში აღნიშნავს, ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა საქართველოს „რემდესივირის“ 10 000 ფლაკონი აჩუქა.

„ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა ამ დღეებში დიდი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და COVID პაციენტებს. უფასოდ (საჩუქრად) გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების COVID 19-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ „რემდესივირის“ 10 ათასი ფლაკონი და თან ბრენდული მედიკამენტი (Veklury ) და არა ჯენერიული, რაც ძალიან დაგვეხმარება COVID პაციენტების წარმატებულ მართვაში.

ამ დონაციის მნიშვნელობა რომ შევაფასოთ, უნდა გავიხსენოთ ზოგიერთ გარემოება. არსებული კანონმდებლობით კომპანია Gilead-ს ბრენდული მედიკამენტის მიწოდების უფლება ძირითადად აქვს მხოლოდ ამერიკის, ევროკავშირისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის, ხოლო ყველა დანარჩენ ქვეყნებს „რემდესივირით“ ამარაგებს ინდოეთი, პაკისტანი და ეგვიპტე, რომლებიც კომპანია Gilead-ის ლიცენზიით აწარმოებენ ჯენერიულ პრეპარატებს.

2020 წლის დეკემბერში საქართველომ ინდოეთიდან შეიძინა დაახლოებით 100 ათასი დოლარის ღირებულების ჯენერიული „რემდესივირი“ - 4000 ფლაკონი. სამწუხაროდ, ანგაჟირებულმა ექიმებმა, მათ შორის ზოგიერთმა უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმაც ყველაფერი გააკეთეს ამ მედიკამენტის დისკრედიტაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში, ხოლო აშშ-ში ის შეტანილია ე.წ. სტანდარტულ (საბაზისო) მკურნალობაში.

ამით მათ ცუდი სამსახური გაუწიეს ქვეყანას და პაციენტებს, ვინაიდან ნეგატიური პიარის ფონზე საქართველოში „რემდესივირის“ გამოყენება გადაწყვიტა მხოლოდ 27-მა COVID კლინიკამ. საქართველოს გამოცდილებამ უჩვენა, რომ „რემდესივირი“ სწორი გამოყენების შემთხვევაში - დაავადების ადრეულ სტადიაზე, დამძიმების რისკის მქონე ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებში უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებდა დაავადების დამძიმების (მათ შორის მექანიკური ვენტილაციის საჭიროების) რისკებს, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და აჩქარებდა გამოჯანმრთელებას.

ამასთან, პრეპარატს პრაქტიკულად არა აქვს გვერდითი მოვლენები და უსაფრთხოა. მას შემდეგ რაც შეძენილი მედიკამენტის მარაგი ამოიწურა, ქვეყანა შეეცადა ახალი პარტიის შეძენას, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ინდოეთში დიდი COVID აფეთქების გამო, ინდოეთის მთავრობამ კატეგორიულად აკრძალა „რემდესივირის“ ექსპორტი ინდოეთიდან და თან მთლიანად შეიძინა სხვა ქვეყნებში (პაკისტანი, ეგვიპტე) წარმოებული მედიკამენტის მთელი რაოდენობა. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით თვითონ ინდოეთში „შავ ბაზარზე“ ერთი ფლაკონი „რემდესივირის“ ფასმა 1000 დოლარს მიაღწია.

ზემოთ აღნიშნულ სიტუაციაში ჩვენ თხოვნით მივმართეთ კომპანია Gilead-ის ხელმძღვანელს ბ-ნ Daniel O’day-ის, გამონაკლისის სახით დაგვხმარებოდა რომელიმე ქვეყნიდან „რემდესივირის“ მოწოდებაში. Gilead-ის ხელმძღვანელობამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოს წარმატებული გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით, მათ გადაწყვიტეს გამონაკლისის სახით, ერთჯერადი დონაციით უფასოდ მოეწოდებინათ უშუალოდ მათივე წარმოების ბრენდული „რემდესივირის“ - Veklury-ის 10 ათასი ფლაკონი. მედიკამენტი უკვე თბილისშია.

ცნობისთვის, Gilead-ის ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გასული 5 წლის განმავლობაში უფასოდ მოაწოდა რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები, რამაც საქართველოში უკვე გადაარჩინა 74 ათასი C ჰეპატიტით ავადმყოფის სიცოცხლე. პროგრამა გრძელდება C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციამდე“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.