მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: ყველაზე ბოლოს ალბათ კომენდანტის საათი მოიხსნება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
1619696069
COVID-19

„მეცნიერებმა დაითვალეს და დაადგინეს, რომ ყოველი 300 ან 500 ვაქცინირებული ადამიანი უდრის 1 გადარჩენილს“- განაცხადა ინფექციური პათოლოგიების და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, იმისათვის, რომ მივაღწიოთ პოპულაციურ იმუნიტეტს, საზოგადოების 70% მაინც უნდა იყოს ვაქცინირებული.

ის ასევე განმარტავს, რომ საჭიროა ვაქცინაციის პროცესი რაც შეიძლება მასშტაბური გახდეს.

„ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და მივიღეთ საინტერესო შედეგი. გაირკვა, რომ თბილისის 35%-ს გადატანილი აქვს კორონავირუსი, მათგან თერთმეტმა პროცენტმა ანუ 100 ათასმა ადამიანმა იცის, რომ გადატანილი აქვს ვირუსი, ხოლო 23-მა პროცენტმა არ იცის. ანუ იმუნური ფენა გვყავს 3%, მაგრამ ჩვენ გვჭირდება საზოგადოების იმუნური ფენის 70%, რომ გადავტეხოთ წელში პანდემია.

წლის ბოლომდე უნდა ავცრათ მოსახლეობის 65-70%, ეს იმას ნიშნავს, რომ დღეში უნდა იცრებოდეს 5-6 ათასი კაცი. დღევანდელი მონაცემებით, დღეში იცრება 1500-დან 2000 კაცამდე, ანუ 2-3-ჯერ უნდა გავზარდოთ აცრის ტემპი. ეს ძნელია, სამწუხაროდ საქართველოში მძლავრობს ისევ ანტივაქსერული განწყობა, ზოგი გულწრფელად და არაგულწრფელად ეწინააღმდეგება ვაქცინაციას.

ჩვენ არ უნდა ავყვეთ ამას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვაქცინაციის პროცესი რაც შეიძლება მასშტაბური გავხადოთ. ბოლო დღეების განმავლობაში არის დამაიმედებელი ვითარება, თანდათან იზრდება მოთხოვნა ვაქცინაციაზე.

მეცნიერებმა დაითვალეს და დაადგინეს, რომ ყოველი 300 ან 500 ვაქცინირებული ადამიანი უდრის 1 გადარჩენილს“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან ასევე ისაუბრა კომენდანტის საათზე, და აღნიშნა, რომ შეზღუდვების შემსუბუქებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყება, როდესაც მოსახლეობის 30% მაინც იქნება ვაქცინირებული.

„მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ შეზღუდვების მოხსნაზე, როდესაც 30%-ზე მაინც ავალთ, ყველაზე ბოლოს ალბათ კომენდანტის საათი მოიხსნება, რა თქმა უნდა, თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია და პირბადეებს საზოგადოების 90% მოიხმარს, მაგრამ ჯერ პირობები უნდა შესრულდეს“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 767-მა ადამიანმა გაიკეთა.

29 აპრილის მონაცემებით, ჯამურად 43 568 აცრა ჩატარდა. აქედან სრულად აცრილია 4 397 ადამიანი, ხოლო ერთი დოზით აცრილია 37 404.

იხილეთ აგრეთვე:

✅„თუ დროზე მოვუხმობთ გონიერებას, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, თავიდან ავიცილოთ მასშტაბური მესამე ტალღა“ - თენგიზ ცერცვაძე

✅„ნოვავაქსი“ თავისუფალია პრაქტიკულად ყველა გვერდითი მოვლენისგან“ - თენგიზ ცერცვაძე

✅„გაწერის და ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები ოპტიმალური უნდა იყოს “ - რა გადაწყვეტილებები მიიღო კლინიკურმა საბჭომ