მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: უახლოეს დღეებში დავადგენთ გახდება თუ არა საჭირო ყაზბეგის ჩაკეტვა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტებთან საუბრობს.
1597235415
COVID-19

„უახლოეს დღეებში დავადგენთ საჭირო გახდება თუ არა ყაზბეგის ჩაკეტვა, მაგრამ დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „დღის კურიერთან“ საუბარში განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ყაზბეგის ჩაკეტვის საფუძველი არ არსებობს.

„ამ ეტაპზე ყაზბეგთან დაკავშირებით არ ვგეგმავთ, რომ კონტროლი გაძლიერდეს, ვინაიდან ის მონაცემები, რომელიც დღეს გვაქვს, ამის საფუძველს არ გვაძლევს. თუმცა, რა თქმა უნდა, დავიწყეთ თერმოსკრინინგი და ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რომლითაც ჩვენ უახლოეს დღეებში დავადგენთ საჭირო გახდება თუ არა ყაზბეგის ჩაკეტვა, მაგრამ დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სვანეთის რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზეც ისაუბრა. ტიკარაძის ინფორმაციით, 11 აგვისტოს აღებული 500 ნიმუშიდან მხოლოდ 12 პირს დაუდასტურდა კოვიდვირუსი.

მინისტრი აცხადებს, რომ ეს ცუდი შედეგი არ არის და საიმედო მონაცემია.

„დღეს მიღებული 1000 ნიმუშის პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს, საღამოს იქნება ცნობილი და შეგვეძლება ვისაუბროთ იმაზე, ვირუსის გავრცელების რა კოეფიციენტი გვქონდა სვანეთში და რამდენად რთული ვითარებაა დღეს ამ რეგიონში“, - დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, შეზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული. ეპიდემიოლოგები 1000-მდე პირის კვლევის პასუხს ელოდებიან.