მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თორნიკე რიჟვაძე: ვირუსთან ადაპტაცია უნდა მოვახდინოთ

თორნიკე რიჟვაძე
1600792530
COVID-19

„მოვიდა დრო, როცა უნდა მოვახდინოთ ვირუსთან ადაპტაცია“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ ოპერატიული შტაბის სხდომაზე განაცხადა.

როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, მართვის ნაწილში პრიორიტეტს წარმოადგენს კლინიკური მიმართულების გაძლიერება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია ინფიცირებული პაციენტების მართვა და კლინიკური მიმართულების გაძლიერება. ამ მიზნით აჭარაში ჩამობრძანდა მარინა ეზუგბაია. მის კოლეგებთან ერთად გავაგრძელებთ კოვიდ მართვის კლინიკებთან აქტიურ კომუნიკაციას, რათა ეს მიმართულება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

რიჟვაძის თქმით, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რეგიონში სრულად ექვემდებარება კონტროლს.

„არ იგეგმება მძიმე შეზღუდვები, მოვიდა დრო, როცა უნდა მოვახდინოთ ვირუსთან ადაპტაცია. სიტუაციის სტაბილიზაცია და ეპიდვითარების ლოკალიზება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთიანობით, სოლიდარობით და მოქალაქეების მაქსიმალური პასუხისმგებლობით. ამას ემატება ჯანდაცვის სექტორიც, რომელიც გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ეფექტურად მართოს ეს პროცესები. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არცერთი ადამიანი აჭარაში დღეს არ არის ძირითადი სამედიცინო სერვისის გარეშე დარჩენილი“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 137 აჭარაში დადასტურდა. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება.