მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძე: ჩინური ვაქცინის შემოტანაზე რეკომენდაცია არ გამიცია 

ინფექციურის დირექტორი
1610384672
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს ის ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შემოტანას უწევს რეკომენდაციას. 

„ბოლო დღეებში ცალკეული მედია-საშუალებები, შესაშური გულმოდგინებით ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს მე რეკომენდაციას ვუწევ ქვეყანაში ჩინური წარმოების COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. ამასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო შემდეგი:

მე ვხელმძღვანელობ მხოლოდ COVID 19-ის კლინიკური მართვის ჯგუფს, არ ვარ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრი და შესაბამისად, არ ვმონაწილეობ ქვეყანაში ამა თუ იმ ვაქცინის შემოტანის გადაწყვეტილების მიღებაში საკონსულტაციო დონეზეც კი“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ძალიან აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ხარისხიანი ვაქცინის რაც შეიძლება დროულად შემოტანაზე.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე ვაქცინასთან დაკავშირებით მწარმოებელ ქვეყნებთან და კომპანიებთან. პროცესში ჩართულია ჯანმო-ს ხელძღვანელობა. ქვეყნის ხელმძღვანელობის პოზიციაა, რომ შემოიტანონ მხოლოდ ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანმო-ს პრეკვალიფიკაცია (რეკომენდაცია) ან რომელიმე სერიოზული მარეგულირებლის (FDA და სხვ.) რეკომენდაცია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგადად ვაქცინებზე ძალიან დიდი მოთხოვნის გამო შესაძლოა გაძნელდეს ან ვერც მოხერხდეს მაინცდამაინც იმ კონკრეტული ვაქცინის შემოტანა, რომელიც ქვეყანას ყველაზე მეტად აწყობს.

პირადად მე საქართველოსთვის ოპტიმალურად მიმაჩნია ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია „AstraZeneca“-ს მიერ წარმოებული ვაქცინის შემოტანა, ვინაიდან ეს უკანასკნელი არის მაღალი ხარისხის და სანდოობის (არანაკლები, ვიდრე „Pfizer”-ის ან “Moderna”-ს ვაქცინები) და ამავე დროს ის თავისუფალია ბოლო ორი ვაქცინისათვის აუცილებელი ლოჯისტიკური სიძნელეებისგან. კერძოდ, „AstraZeneca“-ს ვაქცინა არ საჭიროებს შენახვის და ტრანსპორტირებისათვის -80⁰ ან -20⁰ რეჟიმს და ინახება ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე.

რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინას, მე აღვნიშნე და ვრჩები იმ აზრზე, რომ ის არ არის „ხელწამოსაკრავი“ და შესაძლოა იყოს არანაკლებ ეფექტიანი, რის სასარგებლოდაც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ ვაქცინით ხდება მოსახლეობის ვაქცინირება ჩინეთში და ეს ვაქცინა შეიძინეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბრაზილია და სხვ. მაგრამ ვიმეორებ, რომ მე არ გამიცია რეკომენდაცია ამ ვაქცინის შემოტანაზე, მითუმეტეს, რომ ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის“,- წერს სოციალურ ქსელში თენგიზ ცერცვაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

იგეგმება თუ არა საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანა? - თამარ გაბუნიას განცხადება

„შემოვიტანთ იმ ვაქცინას, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი“ - იმნაძე

ეკატერინე ტიკარაძე: თებერვალში კორონავირუსის ვაქცინის გარკვეულ მოცულობას ველოდებით