მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძე: ჩვენი ამოცანაა, კორონავირუსი გრიპის ტოლფასი დაავადება იყოს 

მთავარი ინფექციონისტი
1603121327
COVID-19

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ორი არჩევანის წინაშე დგას - ხელისუფლებამ ლოქდაუნი განმეორებით შემოიღოს, ან ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობა ისე მართოს, რომ მკურნალობის ხარისხი არ შემცირდეს, აგრეთვე ეკონომიკა შედარებით განვითარდეს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე მსოფლიოში ყოველდღიურად რეკორდები მყარდება. საქართველოშიც მნიშვნელოვანი მატებაა, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში.

ორი არჩევანის წინაშე ვდგავართ. პირველი, შემოვიღოთ ხელმეორედ ლოქდაუნი - მკაცრი შეზღუდვები და აკრძალვები. მეორე - ვმართოთ ეს გაზრდილი რაოდენობა. ანუ, პირველ შემთხვევაში მართვა იქნება შედარებით იოლი, შედეგი იქნება უფრო მალე, მაგრამ უდიდესი დისკომფორტი შეექმნება მოსახლეობას და დიდი რეცესიის საფრთხის ქვეშ დადგება ეკონომიკა.

მეორე შემთხვევაში მოსახლეობა პრაქტიკულად ვერ იგრძნობს დისკომფორტს, ეკონომიკა შეიძლება 100%-ით არა, მაგრამ მაინც განვითარდება. მხოლოდ ძალიან დიდი დატვირთვა მოვა სახელმწიფო სტრუქტურებზე და, პირველ რიგში, ჯანდაცვის სექტორზე.

ევროპის წამყვანი ქვეყნების უმეტესობამ აირჩია პირველი გზა. ისრაელმა აბსოლუტური ლოქდაუნი გამოაცხადა, ხოლო ინგლისმა, საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ, ნაწილობრივი ლოქდაუნები და შეზღუდვები.

საქრთველომ მოსახლეობის განწყობის, ეკონომიკის ხელშეწყობის აუცილებლობის და საარჩევნო პერიოდის თავისებურებების გათვალისწინებით, საქართველო მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეორე გზით წავიდეთ. ანუ, შეზღუდვები იყოს მინიმალური, მკაცრი საკარანტინო ზომები არ შემოვიღოთ, მაგრამ სახელმწიფომ და ჯანდაცვის სექტორმა თავის თავზე აიღოს მკვეთრად გაზრდილი ავადმყოფების რაოდენობის მართვა, ისე, რომ არ გაუარესდეს პაციენტების მოვლის ხარისხი და გადარჩენის მაჩვენებელი.

დიდი კმაყოფილებით მინდა ვთქვა, რომ შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, საქართველო დღემდე ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც, ცივილიზებულ სამყაროში 1 მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

ჩვენი ამოცანაა, შეზღუდვების და გამკაცრების გარეშე შევინარჩუნოთ ან კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ეს მდგომარეობა, სიკვდილობის მაჩვენებელი იყოს ისეთი დაბალი, რომ მოსახლეობისთვის კოვიდი გრიპის ტოლფასი დაავადება იყოს“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 1186 ახალი შემთხვევა დადასტურდა.