მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთმა საქართველოს სუნთქვის აპარატები და PCR ტესტები საჩუქრად გადასცა

სუნთქვის აპარატი
1602603219
COVID-19

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკამ საქართველოს საჩუქრად გადასცა მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები, მათ შორის, სუნთქვის აპარატები, PCR სადიაგნოსტიკო ტესტები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„თურქეთის რესპუბლიკის დონაცია მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარებას კორონავირუსის პანდემიის დროს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა პანდემიის პირობებში ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ჰუმანიტარული ტვირთის დიდი ნაწილი მოხმარდება სწორედ იმ ადამიანების საჭიროებებს, ვინც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის შედეგადაა დაზარალებული.

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის შეთანხმებას ჯანდაცვის სფეროში დონაციის შესახებ ხელი მოაწერეს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ემინე ალფ მეშემ და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ“,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12841 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 6867 გამოჯანმრთელებულია, 102 გარდაცვლილი.